სტატიები

ხინჩეგაშვილმა უნდა გაათავისუფლოს შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები – ოპოზიცია

“გორის მერმა უნდა გაათავისუფლოს შიდა აუდიტის სამსახურში მაღალი თანამდებობის პირები”, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის “საქართველოსთვის” ფრაქციის სხდომის შემდეგ საკრებულოს წევრმა მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა.

“დღეიდანვე უნდა დაიწყოს საკადრო ოპტიმიზაცია გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურში. მერმა უნდა გაათავისუფლოს ყველა მაღალი თანამდებობის პირი და მათ ადგილზე დანიშნოს პროფესიონალი მოხელეები”, – განაცხადა ფანიაშვილმა.

საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ გოხელაშვილი ფიქრობს, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურში კადრების შერჩევა საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

“როდესაც ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახური, რომელიც არ ამოწმებს ა(ა)იპ-ებს, რომელიც ვერ არის ისეთი ქმედითი როგორიც უნდა იყოს, მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს კადრების ოპტიმიზაცია მერიის შიდა აუდიტის სამსახურში და მათ ნაცვლად საკრებულოსთან შეთანხმებით, დაინიშნონ ახალი კადრები”, – აცხადებს გოხელაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე მიწვეული იყო მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ზურაბაშვილი, თუმცა ის სხდომაზე არ მივიდა. ზურაბაშვილი არ პასუხობს არც “მოზაიკას” სატელეფონო ზარებს.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა ფრაქციამ “გორი საქართველოსთვის” უკვე მიმართა გორის მერს საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით. ანალოგიური მოთხოვნით მერს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” მიმართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.