სტატიები

რა კითხვები აქვს ოპოზიციას გორის მერთან – ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე დაიბარეს

ოპოზიციონერ დეპუტატები ითხოვენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი უახლოეს სხდომაზე მივიდეს და ბილოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხოს. 

შესაბამისი წერილი ფრაქციებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “გორი საქართველოსთვის” უკვე გაუგზავნეს გორის მერს. 

ოპოზიციას კითხვები აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და კულტურის ა(ა)იპ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

“გთხოვთ მობრძანდეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს რიგით სხდომაზე, წარსდგეთ საკრებულოს წევრების წინაშე და გააკეთოთ მოხსენება სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშნებლობასთან დაკავშირებით,  ატენის სასმელ წყალთან დაკავშირებით,  გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში მომხდარი ფაქტების შესახებ – ცნობილი „ბიტკოინების ამბის“ და სულ ახლახანს აღმოჩენილი ფინანსური დარღვევის შესახებ, (500 000 ლარის მითვისება ბუღალტრის მიერ). ამ და სხვა ძალიან ბევრი პრობლემის და დარღვევის შესახებ გთხოვთ გააკეთოთ მოხსენება და გაგვცეთ პასუხი ძალიან ბევრ დაგროვილ კითხვებზე”, -ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე, ბექა ქორჩილავა აწერს. 

ფრაქცია “გორი საქართველოსთვის” წევრები გორის მერისგან ელიან პასუხებს შიდა აუდიტის მუშაობის შესახებ, რა ქმედებები განახორციელეს ან რის გაკეთებას აპირებენ კულტურის ა(ა)იპ-ში გამოვლენილი კორუფციული ფაქტების შემდეგ. 

“გვქონდა კითხვები, რა პროსები განხორციელდა აუდიტის სამსახურში, მასშემდეგ რაც გახდა ცნობილი ბიტკოინების საქმის შესახებ, ასევე რა გააკეთეს “ტოტალიზატორების საქმესთან” დაკავშირებით და საერთოდ, აღმოუჩენიათ თუ არა რაიმე სახის კორუფციული სქემა ნებისმიერ ა(ა)იპ-ში. სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან არ მობრძანდა ჩვენს სხდომაზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, ამიტომ ამ კითხვებს გორის მერმა უნდა გასცეს პასუხი. იმედი გვაქვს, რომ მოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სხდომაზე”, – ამბობს მერაბ გოხელაშვილი, ფრაქციის “გორი საქართველოსთვის” წევრი. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების  მითვისებასა და სამსახურეობრივი მოვალოების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს პროკურატურამ უკვე წარუდგინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.