ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 106 -ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის წარმომადგენლებმა დააყენეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი.
“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხი. ასევე, მკაცრად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.
აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქეების მდგომარეობაზე და მათი გათავისუფლების თარიღთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ გავრცელებულა. უწყებას არც ის დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა პასუსი უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ნიქოზის მიმდებარედ 2021 წლის 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, ცხინვალში მისი სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ინფორმაციისთვის, IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2022 წლის 7 ივნისს გაიმართება.