სტატიები

სააგენტოს ბუღალტერს სხვანაირ პიროვნებად ვიცნობდი – ინტერვიუ დირექტორის მოადგილესთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე გამოძიება თანხის მითვისების მუხლით დაიწყო. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის, კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ბუღალტერს ლ.წ.-ს ეკისრება. როდიდან მუშაობს ლ.წ. აღნიშნულ პოზიციაზე, ვინ ახორციელდება მისი საქმიანობის მონიტორინგს და როგორ აფასებენ მის კომპეტენციას სამსახურში – ამ საკითხებზე “მოზაიკა” სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, დავით დარბაიძეს ესაუბრა.


აგრძელებს თუ არა აღნიშნული ბუღალტერი თანამდებობაზე მუშაობას?

ფაქტის გახმაურების შემდეგ, ეს პიროვნება სამსახურში არ გამოჩენილა, თუმცა ამ დრომდე მისი ოფიციალური გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გრძელდება გამოძიება და ამ მიზეზით, ისიც დღეს და გუშინ არ ყოფილა სამსახურში.

როგორც ვიცით, გუშინ ეს პიროვნება და სააგენტოს ყოფილი დირექტორი იმყოფებოდნენ დაკითხვაზე სუს-ში. ხომ არ ელოდებით თქვენს დაბარებასაც?

ჯერჯერობით არავის დავუბარებივა, შესაძლოა მომიწიოს მეც მისვლა. მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო, თუ გამოძიებას წაადგება. 

როგორც ვიცით, ფინანსურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იყო სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქვათაძე. თქვენი აზრით, ექნება თუ არა კითხვები გამოძიებას მასთან?

შესაძლოა დაკითხონ, რადგან ქვათაზე იყო ფინანსური მიმართულებითაც. 

ხომ არ არსებობს ეჭვები ქვათაძისა და ბუღალტრის ერთობლივ მაქინაციაზე? 

– ქვათაძის შემთხვევაც და ბუღალტერის შემთხვევაც რაღაც უცნაური შემთხვევა, რადგან ამის ნიშნები რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რეაგირებას მოვახდენდით, მაგრამ ეს იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის, რომ გაკვირვებულები დავრჩით. 

რადგან გიორგი ქვათაზე ვახსენეთ, აქვე რომ შევეხოთ მეორე გახმაურებულ საქმესაც, რომელსაც ასევე სუს-ი იძიებს. მთელი ამ საგამოძიებო პროცესებს სააგენტო ხომ არ აღიქვამს ერთგვარ ზეწოლად სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მხრიდან?

ფაქტია, რომ ბიტკოინების ორი კომპიუტერიც აღმოაჩინეს და ამაზეც გამოძიება მიდის. ველოდებით სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხს, რეალურად რა მოხდა. უცნაური ნამდვილაად არის, რომ ორი რეზონანსული მოვლენა ჩვენს ა(ა)იპ-ში მოხდა, თუმცა ამ ყველაფერში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიზანმიმართულ ინტერესს ვერ ვხედავ.

ხომ არ ყოფილა რაიმე სახის კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის, რასაც შესაძლოა საქმიანობის ასეთი სიღრმისეული შესწავლა მოჰყოლოდა? 

მე მაგის ნიშნებს ვერ ვხედავ. 

და ბოლოს ისევ ბუღალტრის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, როგორ დაახასიათებდით მას, როგორც თანამშრომელს?

ორი წლის წინ დავიწყე სააგენტოში მუშაობა და ეს ადამიანი უკვე აღნიშნულ პოზიციაზე დამხვდა. პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩეოდა სულ და არასოდეს ეჭვი არ გამჩენია, რომ შეიძლებოდა, რაიმე მსგავსი გაეკეთებინა. მეტიც, ვიცოდით, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და რაღაცნაირად მხარსაც ვუჭერდით თანამშრომლები. ამ დრომდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გააკეთა. ვნახოთ, რას დაადგენს საბოლოოდ გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.