გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ს, რომელშიც ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოძიება არ დაუსრულებია, დაფინანსება გაუზარდა. საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულომაც.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალი ტლაშაძის ინფორმაციით, ბიუჯეტში განხორციელდა მუხლობრივი ცვლილები და ერთ-ერთი ცვლილება შეეხო კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, რომელსაც დაემატა 307 000 ლარი.
“ეს იყო სხვადასხვა საჭიროებებისთვის, ახალ ინფრასტრუქტურასთან და საექსპლუატაციო ხარჯთან დაკავშირებით და პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო და შესაბამისად გაიზარდა კომუნალური და ზოგადი შენახვის ხარჯები. ამ თანხაში გათვალისწინებულია ასევე ღონისძიებების ხარჯებიც, რომელიც წლის განმავლოაბაში იქნება დაგეგმილი”, – ამბობს დალი ტლაშაძე.
ტლაშაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცვლილებები განხორციელდა სამი მიმართულებით.
“მუხლობრივად თანხა გადანაწილდა დაგვა-დასუფთავებისთვის, ურნების შეძენისთვის 66 ათასი ლარით, ასევე არის 50 ათასი ლარი სპეცტექნიკის შეძენისთვის და 307 ათასი ლარი კულტურისა და ტურიზმის სააგენტოსთვის”, – ამბობს დალი ტლაშაძე.
ინფორმაციისთვის, ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპრილის სხდომაზე იმსჯელეს, დეპუტატების უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა.