გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციაზე საუბარი გასულ წელს დაიწყო. წინასაარჩევნო პერიოდში, მუნიციპალურ ა(ა)პ-ებში საკადრო პოლიტიკის და თანხების არაეფექტური ხარჯვის კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება, ყველა პოლიტიკური პარტიის დაპირება იყო, მათ შორის მმართველი გუნდისაც. გორის ამჟამინდელი მერი, ჯერ კიდევ კანდიდატობის ეტაპზე ამბობდა, რომ ყველა პრობლემას შეისწავლიდა და გუნდთან ერთად, მის მოგვარებაზე იზრუნებდა. ასევე პირობას დებდა, რომ ეს პროცესი მედიისთვის და საზოგადოებისთვის საჯარო იქნებოდა.
რა მოხდა არჩევნების შემდეგ? ვინ რა ფორმით ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას და რა ხდება ამჟამად მერიის ა(ა)იპ-ებში? – “მოზაიკა” სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს გთავაზობთ.
რა შეიცვალა მერიის ა(ა)იპ-ებში არჩევნების შემდეგ?
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან მალევე, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებები დაიწყო, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუკეთებია – არ დაანონსებულა რეორგანიზაცია და არც განხორციელებული საკადრო ცვლილებების საფუძვლებზე გაკეთებულა განმარტება.
2021 წლის ნოემბრის შემდეგ, ხელმძღვანელობა შეიცვალა გორის მერიის მიერ დაფუძნებულ 4 ა(ა)იპ-ში:
- Სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლეს ლიანა კოვზიაშვილი და მის ნაცვლად, გიორგი შათირიშვილი დანიშნეს;
- საფეხბურთო კლუბის ,,გორი“ დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გია ისიანი და მის მოვალეობას ამჟამად გიორგი ბასილაძე ასრულებს;
- კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს გელა კაპანაძე და მის მოვალეობის შესრულება ჯერ დავით წეწვაძე, შემდეგ კი ზურაბ ილურიძემ დაიწყო.
- საკადრო ცვლილებები შეეხოთ კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებსაც – ერთი მათგანი ზურაბ ილურიძე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს საკადრო ცვლილება ოფიციალურად ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, ქალაქის მერს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
ხელმძღვანელი პირების გარდა ცვლილებები სხვა თანამშრომლებსაც შეეხოთ – ჯამში მერიამ შრომითი ურთიერთობა ა(ა)იპ-ების 80-მდე თანამშრომელთან აღარ გააგრძელა. აღსანიშნავია ისიც, რომ საკადრო ცვლილებების მიზეზი 22 შემთხვევეაში – პოზიციების გაუქმება, 57 შემთხვევაში კი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამჟამად, გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს ჯამში 1 450-მდე შტატიანი და 1 900 უშტატო თანამშრომელი ჰყავს.
# | ა(ა)იპ-ის დასახელება | Შტატიანი თანამშრომელი | Შტატგარეშე თანამშრომელი |
1 | სკოლამდელი აღზრდის სააგენტო | 1224 | 215 |
2 | კეთილმოწყობის სააგენტო | 44 | 302 |
3 | მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო | 14 | 160 |
4 | კულტურისა და ტურიზმის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო | 49 | 412 |
5 | სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო | 22 | 263 |
6 | სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების,მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური | 31 | 62 |
7 | ფეხბურთის კლუბი გორი | 10 | 116 |
8 | მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლისინტერმუნიციპალური სააგენტო | 11 | 44 |
9 | მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო | 13 | 16 |
10 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი | 11 | 8 |
11 | გაზეთი „გორის მაცნე“ | 8 | 2 |
ჯამი | 1 437 | 1 900 |
Საბიუჯეტო დანახარჯები მიმდინარე ცვლილებების ფონზე
Მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დაფინანსება წელსაც გაიზარდა – გორის ბიუჯეტიიდან 2022 წელს 11 ა(ა)იპ-ის შენახვისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ეს თანხა გასული წლის ხარჯს თითქმის 4 მილიონით აჭარბებს.
# | ა(ა)იპ-ის დასახელება | 2021 წლის დაფინანსება | 2022 წლის დაფინანსება |
1 | სკოლამდელი აღზრდის სააგენტო | 8 600 000 | 9 146 900 |
2 | კეთილმოწყობის სააგენტო | 3 408 000 | 4 020 000 |
3 | მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო | 1 600 000 | 3 600 000 |
4 | კულტურისა და ტურიზმის განვითარებისხელშეწყობის სააგენტო | 2 410 000 | 2 470 100 |
5 | სპორტის განვითარებისა დახელშეწყობის სააგენტო | 2 063 000 | 2 163 000 |
6 | სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების,მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბოსადგურების სამსახური | 744 000 | 807 300 |
7 | ფეხბურთის კლუბი გორი | 732 000 | 786 000 |
8 | მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლისინტერმუნიციპალური სააგენტო | 182 000 | 478 200 |
9 | მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო | 277 000 | 295 000 |
10 | საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი | 215 000 | 199 500 |
11 | გაზეთი „გორის მაცნე“ | 72 000 | 72 000 |
ჯამი | 20 303 000 | 24 038 000 |
დაფინანსების გაზრდას ოპოზიციონერი დეპუტატები მხარს არ უჭერდნენ, თუმცა მათ საკუთარი პოზიციების გატარებისთვის ხმები არ ეყოთ. Შესაბამისად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უმრავლესობაში მყოფი საკუთარი დეპუტატების დახმარებით, ა(ა)იპ-ებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა შეძლო.
Რა იქნება ამის შემდეგ?
Საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის და საკადრო ცვლილებების ფონზე, ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია პოლიტიკის დღის წესრიგში ოფიციალურად ჯერ არ დამდგარა, თუმცა ამის წინაპირობები უკვე არსებობს.
ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის ინიციატივა უკვე წარადგინა ანი ბალიაშვილმა, საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
იქამდე კი, ადგილობრივ ხელისუფლებას, ა(ა)იპ-ების ეფექტიანი რეორგანიზაციის სტრატეგია გორის სათემო რადიო “მოზაიკამაც” შესთავაზა – დოკუმენტის მოწონების მიუხედავად, ხელისუფლებას ცვლილებები სტატეგიით გაწერილი არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებით არ დაუწყია.
რეორგანიზაციის რეკომენდაცია გორის ხელისუფლებამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგანაც მიიღო – უწყება საკუთარ რეკომენდაციებში ყურადღებას თანხებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ნებისმიერ ცვლილებამდე კვლევის ჩატარების საჭიროებაზე ამახვილებდა.
Მაგალითად, აუდიტის სამსახური ერთ-ერთი რეკომენდაცია ასეთი იყო:
“შეისწავლოს დაფუძნებული იურიდიული პირების საკადრო პოლიტიკა, განახორციელოს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. შეისწავლოს, ემყარება თუ არა ა(ა)იპ-ის შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე იურიდიული პირის ფუნქციონირება საუკეთესო ალტერნატივა მოსახლეობისთვის კონკრეტული სერვისების მისაწოდებლად. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება დაფუძნებული იურიდიული პირების რეორგანიზაცია, წინასწარ დაგეგმოს რეორგანიზაციის მიზნები/ამოცანები და უზრუნველყოს მათი შესრულება”.
Ამ ეტაპზე ა(ა)იპ-ებში განხორციელებული ცვლილებების მიზნები და ამოცანები საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქამდე განხორციელებული ცვლილებები რეორგანიზაციის ნაწილი არ ყოფილა და რომ უშუალოდ ეს პროცესი ნამდვილად საჯარო იქნება.
“სახელმწიფო აუდიტმა მოითხოვა, რომ ა(ა)იპებში ჩატარებულიყო რეორგანიზაცია. ჩვენ უვვე ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე, გადავუგზავნეთ მერიას და მერს უკვე აქვს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მოხდება ცვლილებები”, – ამბობს დავით რაზმაძე.
დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია აქვს გორის მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებსაც. როგორც ისინი ამბობენ, რომ ამ თემაზე საუბარი არჩევნების შემდეგ სულ ესმით, თუმცა კონკრეტული ვადების და მიზნების შესახებ არაფერი იციან.
ვინ რას ელის რეორგანიზაციისგან?
გორის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია 2017 წელსაც ჩატარდა, რასაც საბიუჯეტო თანხების დაზოგვა და ა(ა)იპ-ების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა უნდა მოეტანა, თუმცა მაშინდელ რეორგანიზაციას არც თანხების შემცირება და არც ა(ა)იპ-ების მუშაობის ეფექტიანობის ზრდა არ მოჰყოლია. Სწორედ ამ ვერმიღწეული მიზნების გამო, ახლა მუნიციპალიტეტში მორიგ რეორგანიზაციაზეა დაწყებული საუბარი.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ პროცესის მაქსიმალური გასაჯაროება, ერთადერთი გამოსავალია, რომ რეორგანიზაცია ამჯერად მაინც განხორციელდეს ეფექტურად და მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რეორგანიზაციის მთავარი მიზანი ა(ა)იპ-ებში პარტიული პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება იქნება.
“თუ რამე გეგმა აქვთ, წარმოგვიდგინონ და დავიწყოთ ამ გეგმაზე საუბარი. აქამდე რაც ყოფილა, მსგავსი რეორგანიზაციები, გადაყვანები, გადმოყვანები, სამსახურში დანიშვნა-გათავისუფლებები მუდამ ხდებოდა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. რეორგანიზაციის პროცესი თუ უნდათ, რომ განხორციელდეს სწორად და კანონის შესაბამისად, უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს პროცესი გამჭვირვალე ვერ იქნება, თუ გორის მერს გეგმა აქვს და მე ერთ რიგით საკრებულოს წევრს ამაზე წარმოდგენა არ მაქვს”, – ამბობს გოხელაშვილი.
Გეგმის დროულად გასაჯაროებას ითხოვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. Პარტიის წარმომადგენელი ანი ბალიაშვილი ფიქრობს, რომ რეორგანიზაციის მიზანი თანხების ეფექტური გადანაწილება კი არა, გავლენების დანაწილებაა.
“თუ საზოგადოებას არ მისცეს პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, ქართული ოცნება კვლავ საკუთარი აქტივისტების დასაქმებით იქნება გამორჩეული და ე.წ. რეორგანიზაცია თანამდებობების გადანაწილების ახალი სქემით დასრულდება. კადრებს შეარჩევენ კვლავ პარტიული და არა პროფესიონალიზმის ნიშნით”, – აღნიშნა ბალიაშვილმა.
Რეორგანიზაციის გეგმის გასაჯაროება და მის დამტკიცებამდე საჯარო განხილვის მოწყობას ემხრობა სამოქალაქო სექტორი. Მათ შორის იმ ორგანმიზაციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც გორის სათემო რადიო “მოზაიკას” პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისთვის” ფარგლებში ა(ა)იპ-ების ეფექტიანი რეორგანიზაციის 4-წლიანი სტრატეგია შეიმუშავეს.