სტატიები

რატომ შეწყდა საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა – ოპოზიციის კრიტიკა და მერიის პასუხი

“მობრძანდეს გორის მერი საკრებულოს სხდომაზე და გაგვცეს პასუხი, რატომ არის დღემდე ამდენი შეუსრულებელი პროექტი”, – მიმართა ბექა ქორჩილავამ საკრებულოს თავმჯდომარეს, საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით.

საქაშეთში საბავშვო ბაღის მშნებლობა მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება არ შეასრულა და საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია.

“სამუშაოების შესრულების დროს კომპანიამ რაც იმუშავა და რაც დახარჯა, ეს თანხა მთლიანად დაბრუნდა ხაზინაში? კარგად იცით, რომ ამ კონკრეტული საბავშვო ბაღის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიცაა, რომლებიც დღემდე დასრულებული არ არის ან არაჯეროვნადაა შესრულებული”,– განაცხადა ბექა ქორჩილავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი ტლაშაძემ. მისი განმარტებით, კომპანიას, რომელმაც ხელშეკრულება არ შეასრულა, გადახდილი თანხა უკან დააბრუნებინეს და მერიას ამ მხრივ არ უზარალია.

“ავანსის სახით ჰქონდა თანხა ჩარიცხული და ეს თანხა დავაბრუნებინეთ. აღნიშნული თანხა . 43 ათას ლარი სამუშაოს შესრულების ნაწილში და ავანსის ნაწილში იყო დაბალანსებული და უკან არის დაბრუნებული. გარდა ამისა აღნიშნულ კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლოც ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო, 33 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, ეს თანხები რაც დარჩა, ახალი ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა ამ საბავშვო ბაღის შესახებ და განისაზღვრა თანხა, რომლითაც უნდა დასრულდეს მშენებლობა”, – განმარტა დალი ტლაშაძემ.

სხდომას ესწრებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელიც, მისი თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ინფორმაციისთვის, გორის მერიამ საქაშეთში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გასული წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომპანიამ, მერიამ კი, ის კომპანია შეარჩია გამარჯვებულად, რომლის მფლობელიც 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა თაღლითობის ბრალდებით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.