სტატიები

“ავარიის რისკს სკოლასთან ახლოს მდებარე, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელიც ზრდის”

“რა გახდა ამ ადგილას გადასასვლელის მოწესრიგება, ან ზებრა გაკეთდეს ან შუქნიშანი. მიწისქვეშა გადასასვლელს მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს ხალხი”, – ასეთი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც სტალინის გამზირზე არსებული ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მანქანა 10 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მოქალაქეების ერთი ნაწილი ამ ამბავს უკავშირებს იმას, რომ ხალხი ერიდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას, იმის გამო, რომ მოუწესრიგებელია. მეორე ნაწილი კი, საზოგადოების თვითშეგნებაზე საუბრობს.

“მიწისქვეშა გადასასვლელი ისეთი მოუწესრიგებელია, ვერ ჩახვალ, არადა ურთულესი გზაა განსაკუთრებით პატარებისთვის” , – ამბობს მოქალაქე ლალი მეზვრიშვილი.

“გადასასვლელი კი არის მაგრამ თვითონ ადამიანები არ უფრთხილდებიან აბინძურებენ და ანადგურებენ”, – ამბობს ლია კოპაძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო გაუქმდა, ტერიტორიის წყლის ჭავლით მორეცხვა კი, პერიოდულად ხდება.

“ტერიტორიის დასუფთავება და წყლის ჭავლით მორეცხვა საკმაოდ ხშირად ხდება. განათებაც არის დამონტაჟებული, თუმცა სამწუხაროდ, ხშირად ხდება მოქალაქეების მხრიდან ნათურების დაზიანება. ახლო მომავალში იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა”, – ამბობს ნათია მდინარიძე, გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სტალინის გამზირზე 7 აპრილს შუადღეს მოხდა. ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. “გორმედის” ინფორმაციით, მოზარდს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.