“ვიდრე ტურისტულად განვავითარებთ სოფელს, მდინარე მეჯუდის სანაპიროების მოწესრიგებაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა მეჯვრისხევში მცხოვრებმა ირაკლი კახნიაშვილმა, რომელიც ტურისტული გზამკვლევის შესახებ შეხვედრას ესწრებოდა.
ირაკლი კახნიაშვილი
“უნდა მოვიდეს ტრაქტორი, გასუფთავდეს მდინარის მიმდებარე ტერიტორია, მე ავიღებ ჩემს თავზე, რომ გასუფთავების შემდეგ მის გამწვანებაზე ვიზრუნებ, დავრგავ ხეებს, ბუჩქებს და ყვავილებს. თუკი ტურისტების შემოყვანა გვინდა, ჯერ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. იმედია, რომ მოსახლოებაც გაითავისებს, რომ ნაგავი არ დაყაროს”.
აღნიშნულ შეხვედრაზე სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტურისტული გზამკვლევის კონცეფცია და ადგილობრივებს გზამკვლების სრუყოფილებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. მან ასევე გააჟღერა იდეა, სოფელში არსებული ბაზრის შესახებ, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით მეტად უნდა განვითარდეს.
რობერტ მაღლაკელიძე
“ეს ბაზარი არის უნიკალური მთელს რეგიონში, ძალიან კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ და მის კონცეფციას უფრო დავხვეწვთ. რა თქმა უნდა, ეს დროში გაწელილი პროცესია და რამდენიმე დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. აქ შეიძლება განთავსდეს კაფეც ჩამოსული სტუმრებისთვის და მოვაჭრეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტს გაყიდიან”.
შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზეც, რომელთა მოგვარების გარეშეც სოფელი ტურისტულად ვერ განვითარდება. კულტურისა და ტურიზმის სააგნტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ზურაბ ილურიძის თქმით, ტურისტული სეზონის გახსნა მეჯვრისხევიდან სურთ და იმოდევნებენ, რომ გზამკვლევი თვის ბოლომდე დაიბეჭდება.