“არასდროს არაფერი არ სრულდება”, – ამბობს ჯარისკაცი რევაზ გორგაძე, რომელიც 2010 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ნაღმზე აფეთქდა და კიდურები დაკარგა.
რევაზს ცხოვრების გაგრძელების ძალა საყვარელი ადამიანების გვერდში დგომამ აპოვნინა. ის ახლა ვარჯიშობს და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებშიც მონაწილეობს. ამ ეტაპზე დიდ დროს უთმობს ცურვას, მშვილდის სრულას, ველომარათონს და ბოულინგს.
“გასულ წლებში ვიყავი ამერიკაში, მივიღე მონაწილეობა ცურვის, მშვილდის სროლისა და ველო მარათონში, საიდანაც წამოვიღე 8 მედალი”, – გვიყვება რევაზი.
ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი, სადაც რევაზმა გამარჯვება მოიპოვა, თბილისის ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში ჩატარდა. საქართველოს პირველობაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიიღეს.
“ბოულინგის ინტეგრირებულ ჩემპიონატში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ავიღე პირველი ადგილი”.
რევაზი ახლა 35 წლისაა და 15-წლიანი სამხედრო გამოცდილება აქვს. დანაკარგის მიუხედავად, ის ამ დრომდე სამხედრო მოსამსახურედ რჩება.
“20 წლის ასაკიდან ჯარისკაცი ვარ. ავღანეთის მისიებში ვიღებდი მონაწილეობას. 2010 წელს სწორედ იქ ავფეთქდი ნაღმზე და დავკარგე კიდურები. როდესაც ეს ამბავი შემემთხვა, მაშინ შემეძინა პირველი შვილი”.
რევაზს ახლა 4 შვილი ჰყავს და როგორც ამბობს, ოჯახი მისი მთავარი საყრდენია.
“არაფერი არასდროს სრულდება, ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ დაბრკოლებები, ჩვენ ტრავმირებულებს თავისთავად სულ გვექნება ბარიერები, მაგრამ როდესაც საყვარელი ადამიანები გვერდით გყავს, ყველა ჭრილობა ხორცდება და ცდილობ მათ გამო და საკუთარი თავის გამო, წინ წახვიდე”.
რევაზ გორგაძე აქტიურ ფიზიკურ მომზადებას განაგრძობს და შემდეგი სპორტული შეჯიბრებებისთვის ემზადება.