გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც უამრავი პრობლემის და მყიფე მშვიდობის მიუხედავად, სოფლის დატოვებაზე არ ფიქრობენ. მშობლიური მიწის მცველებად რჩებიან და იქაურობაზე ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი 68 წლის თამაზ გუდაძეა, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სოფელ მერეთში სამაგალითო სასათბურე მეურნეობა შექმნა და თავისი ცოდნა-გამოცდილებით თანასოფლებების იმედად იქცა.
სოფელ მერეთში ყველა იცნობს თამაზ გუდაძეს – იციან მისი მოვლილი კარ-მიდამოს და სათბურის შესახებ. ამბობენ, რომ მისნაირი მშრომელი და მებრძოლი კაცი სოფელში კი არა, ქვეყანაშიც კი ცოტაა და მასთან პირადად გასაუბრებას გირჩევენ. იქვე აღნიშნავენ, რომ ეტლით მოსარგებლე კაცი ახალგაზრდების მრჩევლად, იმედად და მასწავლებლად იქცა. სწორედ, თანასოფლელების მხრიდან ასეთი დახასიათების შემდეგ, ვესტუმრეთ 68 წლის კაცს, რომელიც ეტლით გადაადგილდება და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, 700 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობას უვლის.
“30 – 35 წელია, რაც ამ სათბურს ვუვლი. თავიდან 300 კვადრატულ მეტრზე მქონდა მოწყობილი, მაგრამ შემდეგ პროექტი დავწერე, USAID-ისგან დაფინანსება მივიღე და გავაფართოვე, თუმცა მხოლოდ გაფართოება არაა საქმე. მთავარი ისაა, რომ სულ ვფიქრობ აქაურობის განვითარებაზე”, – გვეუბნება თამაზი, რომელიც მიწაზე ზის და ახალდარგულ პომიდვრებს მიწას უფხვიერებს.
თამაზის სათბური მოვლილია. აქ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს – ერთ კვალში სმაროდინაა დათესილი, მეორეში – ატამი, მესამეში კი – პომიდორი.
“როცა გრილი ამინდია, დილიდან საღამომდე აქ ვარ და ვმუშაობ. აი, მაგალითად ამ კვალში სერბეთიდან შემოტანილი სმაროდინები გამომყავს. დაახლოებით იქნება 2000 ძირი. იქით კვალში გამომყავს ატმის ნერგები, 4 000 ძირი მაქვს ჩათესილი. აქ კი 200 ძირი პომიდორია დათესილი”, – გვეუბნება და ხელით გვიჩვენებს, როდის რომელ კვალს გულისხმობს.
სათბურში ცალკეა მოწყობილი სივრცე ყვავილებისთვის – აქ თამაზს ვარდის ახალი ჯიშები გამოჰყავს.
“ახლა მინდა, რომ იარუსები გავაკეთო და სან-ანდრეასის ჯიშის მარწყვი დავთესო. იარუსების გაკეთებით ფართს მოვიგებ. უბრალოდ იმას ვფიქრობ, რომ ჩემი პრობლემების გამო, მაღალ სიმაღლეზე დამოუკიდებლად ვეღარ მოვუვლი თესლებს და სხვების დახმარება დამჭირდება”.
იქამდე, სანამ საკუთარ სათბურში 3-4 ადამიანს დაასაქმებს, თამაზს სხვა სადარდებელი აქვს – როგორმე, წყლის პრობლემა უნდა მოაგვაროს.
“ახლა ვიყენებ ჭის წყალს, რომელიც არის მარილიანი და არ უხდება მოსავალს. თუ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებ, მომავალ წელს შეიძლება, საერთოდ ვეღარაფრის მოყვანა ვეღარ შევძლო”, – გვეუბნება თამაზი და საჭირო ხარჯების ჩამოთვლას იწყებს, – “აუცილებელია, რომ სარწყავი არხიდან დენის მოტორით და პლასტმასის გაყვანილობით შემოვიყვანო წყალი, რისთვისაც დაახლოებით 2 000 ლარი მჭირდება”.
თამაზს უნდა, რომ წყლის პრობლემის მოგვარება შეძლოს, რადგან ახლახანს ახალ ჯიშებზე დაიწყო მუშაობა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა სურს.
“ახალ-ახალი ჯიშების გამოყვანაც დავიწყე. სმაროდინის და ვაშლის ჯიშებზე ვმუშაობ ახლა, მერე ყვავილებსაც უფრო მეტი ყურადღება მინდა, რომ დავუთმო. მე სულ ვკითხულობ რაღაცებს. აგერ, ჩემს შვილიშვილს სულ ვაძებნინებ ინტერნეტში ახალ-ახალ ინფორმაციებს, რადგან ტექნოლოგიები სულ იცვლება და თუ არ აითვისე, არაფერი გამოგივა.”
საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას თამაზი თანასოფლელებს სიამოვნებით უაზიარებს, რადგან არ უნდა, რომ არასაკმარისი ცოდნის გამო, ადამიანებს იმედები გაუცრუვდეთ.
“თუ რამე პრობლემაა, ტექნოლოგიური სიახლეა, ჩემთან მოდიან და მეკითხებიან. თითქმის ყველას მე ვასწავლი აქ ამ ყველაფერს. ეგრე ბრმად გაკეთებით, არ გამოუვათ და გულს აიცრუებენ, მაგრამ რაღაც საბაზისო ცოდნა თუ გაქვს ადამიანს, მერე უკვე შეიძლება რაღაცას მიაღწიო. ზოგადად, მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, ხან ვიღაცას უნდა კითხო, ხან შენით უნდა მოიძიო ინფორმაცია და ცოდნით აკეთო ყველაფერი.”