უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა. აღნიშნულ ფაქტს გორელი პოლიტიკოსების მხრიდან არაერთვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
თავდაპირველად, განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა “ქართული ოცნების” წევრმა და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი ზელენსკისთან შეთანხმებით ჩამოვიდა საქართველოში.
“აქამდე, პატარა ეჭვები მღრნიდა, რომ ვცდებოდი, მაგრამ ახლა, 100%-თ კი არა, მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი, ზელენსკისთან შეთანხმებით, ჩამოვიდა საქართველოში. ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობა გინდათ, ვისაც ჩვენი შვილების სისხლი გწყურიათ, ვისაც გინდათ, რომ 2008 წელი განმეორდეს საქართველოში ( თუ განმეორდება, გაცილებით დიდი მასშტაბის იქნება ) ყველანი ხართ, ქვეყნის მტრები და ოკუპანტის მონები” , – განაცხადა თამაზ შიოშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვა ფიქრობს, რომ ზელენსკი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას და მასზე გავლენა “ვიღაცებს და რაღაცებს” აქვთ.
“საოცრებაა ბატონი ზელენსკის მხრიდან, ელჩის გაწვევა მერე ისევ დაბრუნება, მერე ისევ გაწვევა. ეს კაცი ძალიან აგრესიულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ და რატომ გამოხატავს.ხანდახან ასე მგონია, რომ ზელენსკი თვითონ არ მოქმედებს და ვიღაცების, რაღაცა დავალებას ასრულებს. იმ დროს, როცა ამდენი ადამიანი იხოცება, ასეთი ომი ტრიალებს უკრაინაში და ეს კაცი, ესე სერიოზულად იცლის იმისთვის, რომ გაიწვიოს ელჩი. ჩვენ, გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან, ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მხრიდან” , – ამბობს მურალოვა.
ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ბორის გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინის “ზოგიერთი პოლიტიკოსი” არასწორად იქცევა და ომის დაწყებისკენ გვიბიძგებს.
“ძალიან არასწორად იქცევა უკრაინის ზოგიერთი პოლიტიკოსი. გვიბიძგებენ იქით, რომ ჩვენც დავიწყოთ ომი. თუ რაიმეს გაკეთება იქნება საჭირო, მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს” , – აცხადებს ბორის გოგიჩაიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან.
თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (1 მარტს), მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.