გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიცია მე-7 თვეა ვაკანტურია.
თეატრის ადმინისტრაციის განმარტებით, დირექტორის ფუნქციებს სამხატვრო ხელმძღვანელი ითავსებს. აღნიშნული პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი გია წვერავა კულტურის სამინისტრომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლა.
“წამოვიწყე სასამართლო დავა სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა სასამართლო პროცესების დღემდე არ დაწყებულა. ამ გადასახედიდან, სამსახურში აღდგენის სურვილი აღარ მაქვს, მოვითხოვ მხოლოდ განაცდურის ანაზღაურებას” ,- განმარტავს გია წვერავა.
იგი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. წვერავამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, ღიად გამოხატა პარტიის “საქართველოსთვის” მხარდაჭერა.
თეატრში შეიცვალა სამხატვრო ხელმძღვანელიც. დავით ჩხარტიშვილის ნაცვლად დაინიშნა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. სწორედ ის ითავსებს დირექტორის ფუნქციებსაც.