ახალი ამბები

უბილეთო მგზავრმა კონტროლიორს ჯარიმა არ დააწერინა – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

გორის მუნიციპალური ტრანსპორტით ქალი მოზარდთან ერთად, უბილეთოდ მგზავრობდა. ამის აღმოჩენის შემდეგ, კონტროლიორმა, ჯარიმის დაწერის მიზნით, ქალს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მოქალაქის დაუმორჩილებლობის შემდეგ, კონტროლიორმა მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა, პოლიცია გამოიძახა და მგზავრი ავტობუსიდან ჩამოიყვანა. პოლიციის მოსვლამდე ქალმა ტერიტორია დატოვა.

“მეჩქარება, პატრულს ვერ დაველოდები, სადაც ვიქნები, იქ მომაკითხონ”, – ასე უპასუხა კონტროლიორს ქალმა.

ადგილზე მისულ ეკიპაჟს მხოლოდ კონტროლიორი დახვა, რომელმაც “მოზაიკას” ჟურნალისტს უთხრა:

“ვკითხე დაფიქსირებული ჰქონდა თუ არა ბარათი. მითხრა, რომ დავაფიქსირეო. რომ შევამოწმე, ავტომატურად გადავიდა საჯარიმოზე. რომ ეთქვა, არ მაქვს გადახდილი ან ჩარიცხვა ვერ მოვახერხეო, ვინმეს ვთხოვდი და გადაუხდიდა. ასეთი პრობლემაც არ შეიქმნებოდა”, – ამბობს კონტროლიორი.

მსგავსი ინციდენტი გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში წარსულშიც მომხდარა – მიუხედავად იმისა, რომ უბილეთოდ მგზავრობა 20 ლარით ჯარიმდება, მოქალაქეთა ნაწილი ბილეთს მაინც არ ყიდულობს.

დატოვეთ კომენტარი