სანთლებითა და დროშებით ხელში დაჩოქილი ასობით ადამიანი – ასე დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, გადმოსვენებას გორელებიც დაესწრნენ.
სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური ამბობს, რომ ყველა ჯარისკაცი, რომელიც ამ ომს ეწირება გმირია, მისი თქმით ისინი იცავენ როგორც უკრაინას ასევე საქართველოს.
“ქართველები, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვიიან იცავენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მთელი ცივილური სამყაროს თავისუფლებას. ყველა ვინც ამ საშინელებას ეწირება არის გმირი. ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ისინი არიან პუტინის მონები საქართველოს ხელისუფლების სათავეში და ემზადებიან რუსეთისთვის საქართველოს საბოლოოდ ჩასაბარებლად. სამარცხვინო, დამამცირებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი რომ მოქმედი ხელისუფლებიდან პრეზიდენტის გარდა არავინ დაესწრო გადმოსვენების პროცესს. ასე გაგრძელება საქართველოს მიიყვანს გარდაუვალ დაღუპვამდე. ადრე თუ გვიან რუსეთი აუცილებლად მოიცლის საქართველოსთვის და თუ ჩვენ არ ვიქნებით დასავლური სამყაროს გვერდით, მაშინ მოგვიწევს გავხდეთ რუსეთის კოლონია”.
– ლექსო ვალიაური
ინფორმაციისთვის, უკრაინაში დაღუპული მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი 24 მარტს გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. მათ ოჯახებს საქართველოს პრეზოდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება.