სტატიები

“ცირკად ნუ გადააქციეთ საკრებულო” & “ქვეყანა ბოსტანს ნუ დაამგვანეთ” – ვინ რას აპროტესტებდა დღეს?

გორის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების პატივსაგები მდუმარება მალე ხმაურში და ურთიერთდაპირისპირებაში გადაიზარდა. განსხვავებული პოზიციები და მათი დაცვის მცდელობა ტონის აწევით გორის საკრებულოსთვის უცხო არ არის. საზოგადოებას ასეთი არაერთი შემთხვევა ახსოვს.

ჩხუბი და შეურაცხყოფები – როგორ მიმართავდნენ ერთმანეთს საკრებულოს დეპუტატები?

“ჩვენ და ჩვენს მუნიციპალიტეტს ეს სირცხვილი, რომ ჩამოგვრეცხოთ, რაც თქვენ გვაჭამეთ, უნდა მოიხადოთ ბოდიში უკრაინელი ხალხის მიმართ და გადადგეთ დაკავეული თანამდებობიდან.”

– ბექა ქორჩილავა, ენმ-ის წევრი

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაზე კარგი წარმოდგენა აღარ ჰქონდა. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ხმაური სწორედ ამ განცხადების გამო დაიწყო.

სპორტშიც, თუ საქართველო არ თამაშობს ვგულშემატკივრობ უკრაინას, მაგრამ ვიმეორებ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან შეცდომა იყო ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა. მსოფლიო რომ სოლიდარობას უცხადებს, მე ჩემი აზრი მაქვს. უკრაინა უცხო ქვეყანაა, გაიგეთ ეს. თქვენი ქვეყანა არის საქართველო.

– დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრი

საკრებულოს თავმჯდომარისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაურიანი კამათით გაღიზიანებულმა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ თუ არ დაიწყებოდა საკითხების განხილვა, სხდომას დატოვებდა.

„თუ არ დავიწყებთ სხდომას, მე წავალ. დარჩნენ ნაციონალები და ილაპარაკონ!”

იოსებ მუმლაძე, უმრავლესობის წევრი

რაზმაძე კი, კვლავ აგრძელებდა თავისი პოზიციის დაცვას.

„ხატზე დავიფიცებ, ამ განცხადების გაკეთებით, მე არავის დავალება არ შემისრულებია.”

– დავით რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე

რაზმაძის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ნაწილი. მათ შორის კობა ბერინიაძეც, რომელსაც ენმ-ს წევრმა მისი სვარაუდო დანაშუალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შეახსენა.

„საკუთარი თანასოფლელების ცემა არის სირცხვილი კობა!”

– ანო ბალიაშვილი, ენმ-ის წევრი

დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობის შეხსენების პასუხად, კობა ბერიაიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით, რამდენჯერმე ჩაილაპარაკა

ვაი, თქვე, უბედურებო …

– კობა ბერიანიძე, უმრავლესობის წევრი

იქვე ისმოდა, ბექა ქორჩილავას სიტყვები:

„სად გვყავს მთავრობა?! ბიძინას ბოსტნად არის გადაქცეული.”

– ბექა ქორჩილავა, ენმ-ის წევრი

თითქმის ნახევარსაათიანი ჩხუბის და ხმაურის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თაბმჯდომარის მოადგილემ თქვა:

„ცირკად ნუ გადააქცევთ საკრებულოს სხდომას, ამის უფლებას არ მოგცემთ.”

– მარლენ ნადირაძე, უმრავლესობის წევრი

საჯარო ბოდიშსა და შესაბამისად, თანამდებობის დატოვებაზეც დავით რაზმაძისგან უარის მიღების შემდეგ, ენმ-ის წევრებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. სესიის გაგრძელებამდე კი, ენმ-ის წევრებზე რაზმაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, თავისი ლიდერების დავალებებს ასრულებენ. ესენი არიან უსამშობლო ხალხი, როგორ შეიძლება მათი აზრის გათვალისწინება?

– დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, დავით რაზმაძის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი ამით არ ამოიწურება და ოფიციალური ინიცირების შემთხვევაში, მის გადაყენებას მხარი შესაძლოა მისი გუნდის რამდენიმე წევრმაც დაუჭიროს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.