გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე გორში პრორუსული პარტიის ოფისის გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ “ალტინფოს” მიერ დაფუძვნებული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” ქვეყნის მთავარ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება, თუმცა ფიქრობს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი არ ეყოლებათ, რადგან საქართველოს მოსახლოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი გზა ევროკავშირზე და “ნატოზე” გადის.
“მგონია, რომ მათ მიმდევრები არ ეყოლებათ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ რაიმე ძალისმიერი მეთოდებით ვეცადოთ მათი გაყრა აქედან. კანონის ფარგლებში თუ რამეს არღვევენ, თუნდაც იდეოლოგიურად, რა თქმა უნდა კანონმა უნდა გასცეს პასუხი. მათი იდეოლოგია, მით უმეტეს ასეთ პერიოდში, როცა ჩვენი ოკუპანტი მეზობელი თავის გარშემო ყველაფერს იკლებს, ვფიქრობ, რომ მიუღებელია. ეს არის ალბათ რუსეთიდან დაფინანსებული ძალა. ჩვენ მოძალადეები არ უნდა გავხდეთ და კანონის ფარგლებში უნდა მოვითხოვოთ ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროპისკენ და “ნატოსკენ” და ამას ვერაფერი შეცვლის”, – ამბობს დავით რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 თებერვალს გორში „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გაიხსნება. აღნიშნული პარტია პრორუსული განწყობებით ცნობილი ტელევიზიის “ალტინფოს” მიერაა დაფუძვნებული, რომელთა წევრები აქტიურად ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ამბობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებასა და ურთიერთობის დათბობას ალტერნატივა არ აქვს.