ახალი ამბები

გრიშა ონიანი ამბობს, რომ სტალინის ქალიშვილმა ანდერძით გორში დაკრძალვა ითხოვა 

საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერი, გრიშა ონიანი ამბობს, რომ მის ხელში აღმოჩნდა სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას ანდერძი, რომლის მიხედვითაც მას სურდა, რომ საქართველოში დაეკრძალათ. კერძოდ, გორში ან მცხეთაში. 

ონიანმა სოციალურ ქსელში ძველი დოკუმენტების ფოტოები ტექსტთან ერთად გამოაქვეყნა და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ აზრის გამოთქმისკენ მოუწოდა. 

“სხვადასხვა არხებით, ჩემს ხელთ აღმოჩნდა სტალინის ქალიშვილის სვეტლანას ანდერძი, რომელიც დაწერილია 1986 წლის 27 მარტს. ანდერძის სხვადასხვა პუნქტი მკითხველისათვის იმდენად საინტერესო არ იქნება, რომ გაგაცნოთ. გაგაცნობთ მხოლოდ მის ძირითად პუნქტებს”, – წერს გრიშა ონიანი.

ონიანმა სტალინის ქალიშვილის ანდერძიდან 2 პუნქტი გამოყო:

1. „გთხოვთ დამკრძალოთ ქ. მცხეთაში, ან ქ. გორში (როგორც ხელისუფლება გადაწყვეტს). მცხეთაში და გორში გორაზე მდებარე საქალაქო სასაფლაოზე, რომელიც ორივე ქალაქს გააჩნია. ნათესავებს და ჩემს ახლობლებს ჩემი ცხედრის მოსკოვში გადასვენებაზე უარი ეთქვას.

2. იმის გათვალისწინებით, რომ 1962 წლის მაისიდან ვეკუთვნი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს, გთხოვთ პანაშვიდები გამიმართოთ ქართული საგალობლების (და არა რუსულის) თანხლებით _ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-ჩვეულებების დაცვით. საფლავზე აღიმართოს მართლმადიდებლური ჯვარი, ქვაზე ამოიტვიფროს ჩემი მხოლოდ სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების წლები“.

მკითხველისათვის ცნობილია, რომ სვეტლანა იოსების ასული ალილუევა გარდაიცვალა აშშ-ში, 2011 წლის 22 ნოემბერს, 85 წლის ასაკში, მოხუცთა თავშესაფარში. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ შესრულდა სვეტლანა ალილუევას აღსასრულის დღის აღსანიშნავი მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებანი, რაც ანდერძად ჰქონდა დატოვებული”, – წერს გრიშა ონიანი. 

დატოვეთ კომენტარი