სტატიები

უმცირესობების მხარდაჭერა – გორის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა

გორის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდობის განვითარების ახალი სტრატეგია აქვს. დოკუმენტი, რომელიც დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 14 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.

“2022-2026 წლების ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზანი 14 – დან 29 წლამდე ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა” , – განმარტავენ მერიაში.

დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ამოცანა უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

„სტრატეგიის ხედვა ითვალისწინებს ისეთი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ადამიანური და სოციალური კაპიტალის განვითარებას და სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.” , – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება, უმცირესობების საკითხს, დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გორში გამოკითხული  ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც უმცირესობათა უფლებების დაცვას პრობლემურად ან ძალიან პრობლემურად აფასებენ არის 40.8%.

დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანა იმ ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რომლებიც ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.

“სტრატეგიის მიზნებს შორის არის ის, რომ ახალგაზრდებმა იცხოვრონ უსაფრთხო, ინკლუზიურ და არაძალადობრივ გარემოში. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შემდეგი ამოცანების განხორციელება: სპეციალური საჭიროებების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა; ასევე ახალგაზრდების ცნობიერების დონის გაზრდა გენდერული თანასწორობის შესახებ და ახალგაზრდებში არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბება, ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი მხარდაჭერით” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, დოკუმენტი მომზადდა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. მისი მომზადების ყველა ეტაპში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები – ახალგაზრდები.

როგორც სტრატეგიის დოკუმენტში წერია, ყოველი წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტი გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშს. რომელიც შეაფასებს სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიღწეულ პროგრესს. ანგარიშში ასახული იქნება განხორციელებული აქტივობები და მომავალი წლის გეგმები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.