გორში, ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ანსამბლი “ალილო” იმღერებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ლაშა ღლონტი, საბა კემულარია, გიორგი დავითიანი და სხვები.
ღონისძიების ინიციატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა, რომლის დირექტორმაც დავით წეწვაძემ შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მიმართა თხოვნით, რომ აღნიშნული მომსახურება ანსამბლ “ალილოსგან” გამარტივებული შესყიდვის წესით მიიღოს.
“ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული ანსამბლი არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი. ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების, ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს. არჩეული შემსრულებლების საჰონორარო თანხა არის სრულებით მისაღები და რაციონალური” , – აღნიშნულია წინადადებაში, რომელიც კულტურის ა(ა)იპ-მა შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა.
როგორც ცნობილია, ჰონორარის ოდენობა 9 000 ლარს შეადგენს.