გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ემიგრანტებთან დაკავშირებით, 3 ინიციატივა წარადგინა. ერთი ეხება თანამემამულეებისთვის პრივილეგიების შემოღებას, მეორე ემიგრანტებისთვის დაუბეგრავი მინიმუმი თანხის გაზრდას და მესამე, ასევე ემიგრანტებისთვის, საზღვარგარეთის პასპორტის აღების ღირებულების შემცირებას.
ინიციატივა N1
„მოგეხსენებათ თანამემამულე არის სამართლებრივი ტერმინი და თავის თავში მოიაზრებს ადამიანს რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს ან ცხოვრობდა სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ინიციატივის მიზანია ჩვენი თანამემამულეებისათვის დამატებითი პრივილეგიების მინიჭება და მათი აქტიური ჩართვა საქართველოს ყოველდღიურ საქმიანობაში, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციისთვის ხელის შეწყობა.
კერძოდ, ინციატივის მიხედვით თანამემამულეს მიზანშეწონილია გააჩნდეს საქართველოში ხანგრძლივად უვიზოდ ყოფნის პრივილეგია და ეს უფლება არსებობდეს თანამემამულის მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში. ანუ თუ თანანამემამულის მოწმობა გაცემულია 3 წლის ვადით, ამ პერიოდში იმ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლება ასევე 3 წლით”
ინიციატივა N2
“უნდა აღნიშნოს რომ საკმაოდ მოძველებული ნორმა არის ჩარჩენილი კანონმდებლობაში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის ზღვართან დაკავშირებით. კერძოდ, ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი – 15 000 ლარი დადგინდა 1998 წელს და ამ ზღვარის დაწესების მომენტში იყო 9 000 დოლარის ექვივალენტი. დღეის მდგომარეობით სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს… ასევე, ხაზგასასმელია მაშინდელი 9000 დოლარის მსყიდველობითი უნარი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკური და აუცილებელიცაა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვარის ინდექსირება და მისი გაზრდა მინიმუმ 30.000 ლარამდე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა უცხოეთში, ჰქონდეს უფლება სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში პირადი სარგებლობისთვის და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (მაგალითად საოჯახო ტექნიკა), ისე ჩამოიტანოს საქართველოში რომ არ მოუწიოს დაბეგვრა და ეს ზღვარი ნაცვლად 15.000 ლარისა აიწიოს მინიმუმ 30.000 ლარამდე”
ინიციატივა N3
“და დღეისთვის ბოლოს რასაც მინდა შევეხო, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტის, ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის პასპორტის აღების დისკრიმანაციულ ტარიფს შეეხება. ინიციატივის მიზანია იმ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებულნი და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის საფასურის გადახდის ტარიფი არ იქნება უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისათვის. მაშინ როდესაც ბიომეტრიული პასპორტის აღების საფასური საქართველოში არის 100 ლარი და უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველებისთვის ეს ტარიფი 3-ჯერ და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტჯერაც ძვირია, ნამდვილად არასამართლიანია…
ისედაც სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს ჩვენი ემიგრანტები და მათთვის ყურადღების მისაქცევად ვერ იცლის და ეს მცირედი ყურადღების გამოხატულება მაინც იქნება მათდამი. ასე რომ, ამ შემთხვევაში უკვე მთავრობას მივმართავ ამ ტრიბუნიდან, რომ შეცვალოს მიდგომა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მოემსახუროს ერთი და იგივე ტარიფით განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.