ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), პროექტის „სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ გამართა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან.
“პროექტი 12 იანვრიდან მიმდინარეობს და იგი მიზნად ისახავს გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდასა და სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანას, რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ვიზუალიზაციას, ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული “იდენტობის რუკის“ შექმნას, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს”, – ამბობენ IDFI – ში.
როფორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, მასში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი ორგანიზაციების: „გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და „ფოტოგრაფთა კლუბის“ წარმომადგენლები. პროექტის განხორციელების ეტაპებზე კი მნიშვნელოვანი იქნება გორში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და მის ავტორებს. მან სურვილი გამოთქვა, რომ პროექტში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს.