სტატიები

„სანამ გორში ბათუმის ტრაგედია არ განმეორდება ყურადღებას არ მოგვაქცევენ”

„სანამ გორში ბათუმის ტრაგედია არ განმეორდება ყურადღებას არ მოგვაქცევენ” , – გორში, კომბინატის დასახლებაში, ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებული ოჯახები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მედეა ტატიშვილი წლებია აღნიშნულ შენობაში შვილთან და სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც ის რადიო “მოზაიკასთან” ამბობს, შენობა დაზიანებულია, წვიმის დროს წყალი ჩადის და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

“მე და ჩემი შვილი ვცხოვრობთ, მარტოხელა დედაა, სამი შვილი ჰყავს, მე კიდევ პარკინსონის დაავადება მაქვს. ისეთ ოთახში ვცხოვრობთ აქ ბავშვების ყოფნა არაფრით არ შეიძლება. ჩვენი სახსრებით შევავლეთ ხელი, გავარემონტეთ, მაგრამ წყალი ჩამოვიდა და ყველაფერი დაალპო. ისეთი ცუდი სუნი დგას ვერ გაჩერდებით. მივმართეთ მერიას ფანჯრები, რომ მაინც შეეცვალა წვიმა, რომ არ შემოვიდეს, მაგრამ ყური არავინ გვათხოვა. არ გვაქვს ამის საშუალებაო ასეთ პასუხს გვცემენ. აბა რა ვქნათ ვიღას მივმართოთ, ვინ არის ჩვენი მშველელი და პატრონი?!”, – აცხადებს მედეა ტატიშვილი.

მისივე თქმით, შენობა მიწისძვრამ უფრო დააზიანა. ტატიშვილი აცხადებს, რომ სახლი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს.

“ანტისანიტარიაა, ბავშვები გვყავს სკოლის მოსწავლეები არიან, ამხანაგი, კლასელი ვერ მოუყვანია, სცხვენია, აქ როგორ შეიძლება სტუმრის მიღება. ვცივდებით ფარღალალაა ყველაფერი, ახლა წამალი ხომ გვინდა, იმის ფულიც არ გვაქვს. კედლები ჩამონგრევის პირასაა და მიწისძვრამ კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო. მოგვაქციეთ ყურადღება, სანამ ბათუმის ტრაგედია არ დატრიალდება მანამდე ვერ დაიჯერებენ, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია?!”, – განმარტავს ტატიშვილი.

რადიო “მოზაიკა” გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, თამაზ შიოშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკითხს კეთილმოწყობის სამსახური შეისწავლის. მან ასევე განმარტა, რომ ნარკოლოგიურში მცხოვრებ ოჯახებს გორის მერიამ ქირით გაყვანა რამოდენიმეჯერ შესთავაზა, რაზეც იქ მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს.

“გავგზავნით კეთილმოწყობის სამსახურს და შეისწავლიან ახლანდელ მდგომარეობას, შემდეგ ვნახავთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ასე დასკვნას ვერავინ დადებს ვარგისია თუ არა შენობა. ჩვენ აქ მცხოვრებ ოჯახებს შევთავაზეთ ქირით გაყვანა 100-150 ლარის ფარგლებში, ან სოფელში ცხოვრება ნორმალურ პირობებში, რასაც მერია დააფინანსებს, მაგრამ არ უნდათ, ითხოვენ ქალაქში ცხოვრებას და იმ ფართის დაკანონებას, რომელშიც იქნებიან, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ეს არ შეუძლია, ამის რესურსი და ფინანსები არ გვაქვს”, – ამბობს თამაზ შიოშვილი.

აღნიშნულ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა ერთი კვირის წინ აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის გამოყოფას სთხოვდნენ. მოსახლეობის განმარტებით, ხელისუფლებიდან არავინ მისულა და შესაბამისად, მათი ბედიც გაურკვეველია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.