სტატიები

გორში საზოგადოებრივი ტუალეტის მოვლა კერძო კომპანიას აღარ სურს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიასა და შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის მაღაზია “ბიუ ბიუს” ჯიხური, რომელიც ქალაქის ცენტრში, მიწისქვეშა გადასასვლელთან არის განთავსებული. მერიასა და კომპანიას შორის არსებობდა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობას “ჯეო დისტრიბუშენ გრუპი” იღებდა.

კომპანიას აღნიშნული ტუალეტის მოვლა-პატრონობა აღარ სურს, შესაბამისად, მერიას ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თხოვნით მიმართა. მერიამ კი, აღნიშნული საკითხი განსახილველად საკრებულოს გაუგზავნა.

“თავის დროზე ქალაქის ცენტრში ჯიხურის დადგმას იმიტომ დავთანხმდით, რომ საზოგადოებრივი ტუალეტის მოვლა-პატრონობის ვალდებულებასაც იღებდა ეს კომპანია, თუ კი ამას აღარ გააკეთებს, მხარს არ დავუჭერთ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას” , – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

რაზმაძის აზრს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ. სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ გორის ცენტრში დადგმული ჯიხური, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, შესაბამისად, მერიამ ამ ხელშეკრულების საერთოდ გაუქმებაზე უნდა იფიქროს.

საბოლოოდ, კენჭისყრით “ჯეო დისტრიბუშენ კომპანიას” უარი ეთქვა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე, შესაბამისად, ჯერჯერობით კვლავ აღნიშნული კომპანიის ვალდებულებად რჩება საზოგადოებრივი ტუალეტის მოვლა-პატრონობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.