“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისი კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხნის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. საკრებულოს წევრი ენმ-დან ანა ბალიაშვილი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ყველა საჯარო მოხელე, ვისი პასუხისმგებლობაც იყო ამ საკითხის გაკონტროლება.
“ქართული ოცნება უკვე ზღვარს გადავიდა. საკუთარი მხარდამჭერების აიპებში დასაქმება არ იკმარა და ახლა უკვე ბიუჯეტის ხარჯზე მოინდომა ბიტკოინებით გამდიდრება. ეს ფაქტი არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ყველა ჩინოვნიკი, ვისი პასუხისმგებლობაც იყო ამ საკითხის გაკონტროლება. გორის მუნიციპალიტეტის ააიპები ისედაც “ქართული ოცნების” დასაქმების ბიუროდაა ქცეული. თანამშრომლების დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის,რა ფუნქციას ასრულებს და რისთვის იღებს ხელფასს. ამ ყველაფერში იფლანგება ბიუჯეტი, ამას კი, დაემატა სახელმწიფო რესურსის მიტაცების ფაქტიც. სამწუხაროდ “ქართული ოცნების” პირობებში გასაკვირი აღარაფერია” , – განაცხადა ანა ბალიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ანტიკორუფციულმა სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს, რაც შეეხება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.