ახალი ნიშნულები, სანგრები, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება და ძალის დემონსტრირება, – ეს ყველაფერი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. კიდევ უფრო ახლოდან, ამ პროცესებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა წლებია აკვირდება.
ეს თემა დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კიდევ დიდხანს არ დადგებოდა, რომ არა ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” უწყვეტი პატრულირება ოკუპაციის ხაზთან და პერიოდულად ვიდეო-მასალების გავრცელება.
სწორედ ამ მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა იყო პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, ოკუპანტების გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მეჯვრისხევში, აძვსა და ჯარიაშენში ახალი ტერიტორიების მიტაცება იგეგმებოდა.
“ორკების ახალი საოკუპაციო გეგმა მოსულია მოქმედებაში.როგორც ჩვენ ვამბობდით, ორკები არ დაელოდებიან გაზაფხულს, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მოქმედება – ბიბილოვმა თავისი ე.წ. წინასაარჩევნო, საპრეზიდენტო კამპანია უნდა წარმართოს და დაუმტკიცოს თავის ამომრჩეველს, რომ ის “წართმეულ მიწებს” დაიბრუნებს”, – ამბობს ქაცარავა.
აღნიშნულ სოფლებში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ განახლდა. ოკუპანტებმა მეჯვრისხევის სიახლოვეს ლენტები გაავლეს, ჯარიაშენში კი ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთი გადათხარეს, სავარაუდოდ ახალი ღობეების დასამონტაჟებლად.
მეჯვრისხეველები შიშობენ, რომ ოკუპანტები სოფლის სასაოფლაოს ნაწილსა და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მიიტაცებენ, ასევე საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდება სარწყავი არხიც.
მოსახლეობის შიშების საპასუხოდ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი ტერიიტორიების მიტაცების საფრთხის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ და ყოველი უკანონო ქმედების შესახებ საქმის კურსში აყენებენ საერთაშორისო პარტნიორებს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება. ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განმარტავენ უწყებაში.
საზოგადოება ცენტრალური ხელისუფლებისგან მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს, რადგან ყოველი ახალი უკანონო ქმედების შემთხვევაში სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით იფარგლება.