გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე დავა გრძელდება.
ადგილობრივები სადაო ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ადგილზე საქართველოს დროშა და ბანერი განათავსეს.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, კობა ბერიანიძე ამბობს, რომ მიწის მესაკუთრე მიწის გარკვეულ ნაწილს უსასყიდლოდ თმობს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრებისთვის არასაკმარისია.
” მიწის მესაკუთრე მზადაა დათმოს 35 ჰა და ამას დამატებული მეჯუდის სანაპიროს გასწვრივ ტერიტორიაცაა, რაც საერთო ჯამში გამოდის 50 ჰა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ეს მათთვის მისაღები არ არის და სადაო ტერიტორია მესაკუთრემ მთლიანად უნდა დასთმოს. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება და ასევე გუბერნია ჩართული იყო, რომ ისე მოგვარებულიყო ეს საკითხი, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალებულიყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გავიდა და ბანერები განათავსეს ადგილზე. დაველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები”, – ამბობს ბერიანიძე.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები წლების წინ გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული საძოვრები 2009 წელს კერძო მფლობელმა ჯერ ინდოელების კომპანიას მიჰყიდა, შემდეგ კი აღნიშნიშნულმა კომპანიამ გაყიდა და რამდენიმე კერძო პირმა შეიძინა.