გორის თეატრში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლი ,,საშობაო სიმღერა“ გაიმართა.
სპექტაკლის შემდეგ პატარებმა გორის მერიისგან საჩუქრებიც მიიღეს, თოვლის პაპასა და ზღაპრის გმირებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს და უფასო ატრაქციონებსაც ეწვივნენ.
“უფასო სპექტაკლი და საჩუქრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ერისთავის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600 იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვისთვისაა გათვალისწინებული”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლი, რომელიც ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით გორის თეატრის დასმა დადგა, კოვიდრეგულაციების დაცვით 12 და 13 იანვარსაც 14:00 საათზე გაიმართება. მოსაწვევები ბავშვებს წინასწარ დაურიგდათ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ატრაქციონებზეც უმასპინძლებენ. უფასო ატრაქციონებით 15 იანვრამდე 2000 სოციალურად დაუცველი ბავშვი ისარგებლებს, რომლებიც ბილეთებს მერის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.