“სამხედრო ჰოსპიტალმა კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო” , – აღნიშნულია ჰოსპიტლის წინააღმდეგ დაწერილ საჩივარში.
საქმე ეხება, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებისთვის კლინიკის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს. სწორედ აღნიშნული ტენდერი გაასაჩივრა ბაჩუკა ყავრელიშვილმა, რომელმაც საჩივარში აღნიშნა, რომ ჰოსპიტლის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულად გამოეცხადებინა კომპანია “სქულ სერვისი” არის კანონთან შეუსაბამო.
“ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე “სქულ სერვისმა” წარმოადგინა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა მათი ნაწილი არის ხარვეზის მქონე – არ იკითხება. შეუძლებელია გარჩევა სარეგისტრაციო ნომრის და სს VIN კოდის, ასევე სრულად არ იკითხება ავტომობილების ს/ნ-ით WW142IW და WW143IW ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი” , – სწორედ ეს არის ბაჩუკა ყავრელიშვილის მთავარი არგუმენტები.
ყავრელიშვილის საჩივარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო 23 დეკემბერს განიხილავს.