30 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გაიმართება. ღონისძიებას აწყობს ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საზოგადოება “ბილიკთან”, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და სხვა ტიპის ნივთებს საშობაო და საახალწლო თემატიკაზე.
” საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუმრებს შეეძლებათ მოიტანონ მეორადი ტანისამოსი, რომელიც, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გადაეცემა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად”, -განმარტავენ ორგანიზატორები.
პროექტის მიზანია, საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.