ახალი ამბები

ვაჟა გაფრინდაშვილი: გორის მერიამ ბესტაევს მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრა

ცინვალის ციხიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბესტაევი სიკვდილს ებრძვის და რეანიმაციაში მკურნალობის დაფინანსებისთვის თანხების მოძიებაა საჭირო. 

“გენადი ბესტაევის შემთხვევა არის კლასიკური შემთხვევა. სახელმწიფოს მიერ მიტოვებული მოქალაქე მესამე კვირაა რეანიმაციაში სიკვდილს ებრძვის და სამწუხაროდ, ალბათ, საკმაოდ დიდხანს მოუწევს კიდევ ბრძოლა. იმის მაგვივრად, რომ პრობლემა არ ჰქონოდა… სამწუხაროდ, არავინ ჰყავს პატრონი გენადი ბესტაევს, ამოიწურა ის ლიმიტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი და ჰაერშია დარჩენილი. გორის მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა სამედიცინო მკურნალობაზე, არ დაუფინანსა. დღეს შევიტანეთ ჯანდაცვის სამინისტროში და ალბათ, მოხდება ამის დაფინანსება. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ორი წელი ტყვეობაში იყო, სახელმწიფოსგან მიტოვებული, დღეს მისი პატრონი უნდა ეძებდეს ფულს, რომ როგორმე გადარჩეს”, – აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 53 წლის გენადი ბესტაევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) გაასამართლეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეიწყალა.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ის 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მანამდე მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმაციაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც კრიტიკულად მძიმე.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.