ახალი ამბები

გორის მერია ბესტაევისთვის თანხას, ოფიციალურად მიმართვის შედეგად გამოყოფს

გორის მუნიციპალიტეტის მერია გენადი ბესტაევის მკურნალობის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს უწყება ცხინვალის ციხიდან გადმოყვანილ მოქალაქეს არ ეხმარება, სიმართლეს არ შეესაბამება.

“განვმარტავთ, რომ გენადი ბესტაევის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით განმცხადებელმა დავით ქაცარავამ ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის 14 დეკემბერს მიმართა. მოქალაქე გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებია და “საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 15 000 ლარით.

ამ ეტაპზე სამინისტროში განსახილველად წარდგენილია დარჩენილი გადასახდელი თანხის (თანაგადახდის წილი – 7275 ლარი) შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია. საკითხი განიხილება კომისიის უახლოეს სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელი დაუყონებლივ იქნება ინფორმირებული“, – აცხადებენ გორის მერიაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მერია მზადაა თანხები სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოს, თუ დახმარების მოთხოვნით ოჯახის რომელიმე წევრი ოფიციალურად მიმართავს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ “2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის” მიხედვით შესაძლებელია გენადი ბესტაევის, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირის დახმარება, ამისთვის პაციენტის ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც მოქალაქე დავით ქაცარავას, როგორც სიტყვიერად ასევე წერილობით ეცნობა, თუმცა ამ დრომდე მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. გორის მერია კვლავ გამოთქვამს მზაობას კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, მოახდინოს წესის მიხედვით განსაზღვრული თანხის გადარიცხვა ბესტაევის მკურნალობის მიზნით”, – უთხრეს რადიო “მოზაიკას” გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გენადი ბესტაევი 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მანამდე მას ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. ბესტაევი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმაციაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები