გორში, სასამართლო პროცესების დაგვიანებით დაწყება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. “საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ განხოორციელებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესები გამოირჩევა, რომელთა მხოლოდ 29% დაიწყო დროულად, ხოლო სამოქალაქო პროცესების შემთხვევაში – 50%.
ორგანიზაციის ინფორმაცით, რიგ შემთხვევებში სასამართლო პროცესზე მოსამართლეები გასაგებად არ საუბრობდნენ, რაც მხარეებს და დამკვირვებლებს ინფორმაციის აღქმას ურთულებდა.
“სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მოსამართლეები ზოგჯერ მოკლედ განმარტავდნენ გადაწყვეტილებებს; იყო მოსამართლის მხრიდან სწრაფად საუბრის შემთხვევები, შესაბამისად შინაარსი რთულად იყო აღსაქმელი; ადმინისტრაციულ საქმეზე დაფიქსირდა, რომ მოსამართლე სხდომის გახსნისას არ გაეცნო მხარეებს და არც მოსამართლის სახელის და გვარის აღმნიშვნელი წარწერა იყო სხდომათა დარბაზში; ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლემ ხმამაღალ ტონალობაში და შენობით მიმართა მხარეებს და მოწმეებს, იყენებდა ფამილიარულ მიმართვებს (,,ხო, „კაი“; ,,კაცო“; ,,ხალხო“) და შეუსაბამო ჟესტიკულაციებს”, – აცხადებს საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი.
მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში ვიდეოჩანაწერის ჩვენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემებიც ფიქსირდებოდა. ორგანიზაციის მონიტორინგი 2021 წლის 18 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საერთო ჯამში ორგანიზაციის მოხალისეები 69 სასამართლო სხდომას დააკვირდნენ. აქედან სისხლის სამართლის საქმე – 38, სამოქალაქო – 26, ხოლო ადმინისტრაციული – 5 საქმე იყო.