ახალი ამბები

მილიონიანი პროექტი გორში – ხიდის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

გორში, სამეფო ქუჩის დასაწყისში არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 326 530 ლარია.

მერიას ხიდის რეაბილიტაციის შესაძლებლობა ევროკავშირის გრანტმა მისცა, რომელიც უწყებამ პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში მიიღო.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ხიდი 1908 წელს არის აშენებული.

“აღნიშნული პერიოდისთვის რკინა-ბეტონი, როგორც სამშენებლო მასალა წარმოადგენდა ახალ ინოვაციურ სამშენებლო მასალას, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ხიდი იყო ინოვაციური ნაგებობა მსოფლიო მასშტაბით, თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე” , – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.

ტენდერზე წინადადების მიღება 30 დეკემბერს სრულდება, რის შემდეგაც მერია გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს.

დატოვეთ კომენტარი