გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები წლების წინ გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, მათ საპროტესტო აქცია რამდენჯერმზე გამართეს, დღეს კი საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, მათ პროტესტის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.
მოქალაქეებთან სასაუბროთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შიდა ქართლის გუბერნატორი, ვალერიან მჭედლიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობას შეპირდნენ, რომ საძოვრების დამუშავება, პრობლემის გადაწყვეტამდე არ განახლდება.
“შეხვედრის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს დიალოგის გაგრძელება სამუშაო გარემოში შესთავაზეს, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის ახლაც მზადყოფნას გამოთქვამენ, რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, რომელიც 2008 წლის სექტემბერში არის გასხვისებული, პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს ინვესტორთან მოლაპარაკება, რათა მანამ სანამ არ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება, ადგილზე არ მოხდეს რაიმე სახის სამუშაოს ჩატარება. საკითხის მოსაგვარებლად პროცესი დაწყებულია და მასში ჩართულია როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება“, – ნათქვამია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული საძოვრები 2009 წელს კერძო მფლობელმა ჯერ ინდოელების კომპანიას მიჰყიდა, შემდეგ კი აღნიშნიშნულმა კომპანიამ გაყიდა და რამდენიმე კერძო პირმა შეიძინა.