გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებამ ბავშვზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის და ადრეული ქორწინების 1 შემთხვევა გამოავლინა.
ამის შესახებ ინფორმაცია განყოფილების ანგარიშშია მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ბავშვზე ძალადობის 2 შემთხვევა გამოვლინდა.
“ერთ შემთხვევაში იყო იძულება, ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა, რომელიც გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ცენტრში. მეორე შემთხვევა, არასრულწლოვანზე სავარაუდოდ განხორციელებული გარყვნილი ქმედება და ადრეული ქორწინების 1 შემთხვევა გადამისამართდა შსს გორის რაიონულ სამმართველოში” , – აღნიშნულია განყოფილების ანგარიშში.
გორის მერიაში ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება 1 წლის წინ შეიქმნა. აღნიშნულ განყოფილებაში სულ 6 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 2 ხელშეკრულებით არის აყვანილი.