ბლოგები

როცა დედა ხარ და დიაბეტის გარშემო არსებულ მითებთან ბრძოლა გიწევს

ავტორი: ნათია ჯოხაძე

14 ნოემბერს დიაბეტის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დიაბეტის  გავრცელების  ძალიან მაღალი მაჩვენებელია – მაგალითად, საქართველოში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 -ით დაავადებული მხოლოდ ბავშვების რიცხვი 1300 -ია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დაავადება არავისთვის უცხო არ არის, თუმცა საკუთარმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ხალხში გავრცელებული შეხედულებების უმეტესობა მითებით, სტერეოტიპებით და სტიგმებით არის გაჯერებული.

კითხვები, რომლებსაც ხშირად მისვამენ …

ჩემს შვილს I ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს და თითქმის ყოველდღიურად მიწევს ვუპასუხო კითხვებს – საიდან? განიკურნება? რას აჭმევ? …

ყველაზე ხშირად მიწევს იმისი ახსნა,რომ შაქრიანი დიაბეტის  ორი ტიპი არსებობს  და ორივე შემთხვევაში, საქმე ჰორმონ ინსულინის გამომუშავების დარღვევასთნ  გვაქვს, თუმცა  განსხვავებით ტიპი-2 ისა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს საკუთარი აუტოიმუნური სისტემის თავგზააბნეული შეტევის გამო, თითქმის სულ ან საერთოდ აღარ გამოიყოფა ინსულინი, რომელიც საციცოცხოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის – მისი დახმარებით  უჯრედების ენერგიით ანუ ნახშირწყალით მომარაგება ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ენერგიის გარეშე სიცოცხლე შეწყდება, საჭიროა მისი ხელოვნურად, გარედან ინექციის სახით მიწოდება. იმას კი, რაც უკვე აღარ არსებობს, ვეღარ ვუმკურნალებთ და გავრცელებული შეხედულება სამკურნალო მცენარეული ნახარშებით და ექიმბაშების წამლებით დიაბეტი ტიპი 1 ის განკურნების შესახებ, უბრალოდ მითია.

ცხოვრება ინსულინოთერაპიის დახმარებით  რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ტკბილ ბავშვებს დღეში რამდენჯერმე უწევთ  გლუკოზის კონტროლი, ინსულინის ნემსის გაკეთება და საკვებში ნახშირწყლის დათვლა, რაშიც მშობლების და უფროსების დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა  ეს მათ ხელს არ უშლის იცხოვრონ სრულყოფილი ცხოვრებით, იარონ სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე, მუსიკაზე თუ კერძო მასწავლებელთან, მათ შეუძლიათ მიირთვან გემრიელი და საყვარელი საკვები, უბრალოდ  ცოტა მეტი ძალისხმევა და ცოდნაა საჭირო  რომ საკვების  შესაბამისი დოზა ინსულინი  გამოთვალონ და ცხოვრების სტილად ჯანსაღი ცხოვრების წესი აქციონ.

რატომ დაგვემართა დიაბეტი? 

კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა – თუ რატომ დაგვემართა დიაბეტი?  – თავად ჩვენთვისაც ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს, რადგან პასუხი ძალიან ზოგადია – დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი საკვები, არასწორი ცხოვრების წესი, ასე გავრცელებული ვირუსული დაავადებები და სხვა.

თუმცა მრავალ კველვაზე და დასკვნაზე დაყრდნობით, ერთი რამ  ცნობილია – დიაბეტი ტიპი 1-ის შთამომავლობაზე გადაცემის ალბათობა დედიდან შვილზე – 2%, მამიდან შვილზე – 6%, ხოლო ორივე შემთხვევაში 16 – 20% -ია, რაც კიდევ ერთი მითის და სტიგმის დამსხვრევის კარგი მიზეზია, რომ დიაბეტი ტიპი 1 „არ გადადის“.

და ბოლოს, ბავშვები ტიპი 1 დიაბეტით არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან, ფიზიკური თუ გონებრივი, ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური შესაძლებლობებით.  მათ შეუძლიათ  ნებისმიერ სფეროში სასურველი  მწვერვალის დაპყრობა შეუზღუდავად, რადგან ჩვენთვის უხილავი ყოველდღიური სირთულეების დაძლევამ ისინი განსაკუთრებით  მტკიცე, ძლიერ, მიზანდასახულ, გულისხმიერ და ტკბილ პიროვნებებად ჩამოაყალიბა, რომლებმაც ჩვენზე კარგად იციან  ცხოვრების ნებისმიერი წამით ტკბობის ფასი.

დატოვეთ კომენტარი