ბებია, რომელიც 3 არასრულწლოვან შვილიშვილს ზრდის, ითხოვს, რომ მეურვეობა მასზე გადავიდეს. საქმეს გორის რაიონული სასამართლო იხილავს.
არასრულწლოვნებს ზედამხედველობას უწევს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ცენტრი. სწორედ აღნიშნული ცენტრია ჩართული სასამართლო პროცესებში.
ბებიის ინფორმაციით, ბავშვების დედას აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში ჰყავს მეორე ოჯახი. მისივე ცნობით, პანდემიის გამო, დედა ვეღარ ახერხებს შვილების სანახავად ჩამოსვლას.
“ის უკვე დიდი ხანია ვერ ჩამოდის შვილების მოსანახულებლად, ამას დაერთო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა COVID 19, აფხაზებმა ჩაკეტეს საზღვარი და შესაბამისად ფ.თ ვეღარ გადმოდის საზღვარზე” , – ამბობს ბავშვების ბებია მ.თ
სააგენტოს ცნობით, ერთი არასრულწლოვანის მამის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რომ ის თბილისში ცხოვრობს, ხოლო 2 არასწულწლოვნის მამის ვინაობა დაუდგენელია.
“ლ.გ არის სასკოლე ასაკის, მისი დარეგისტრირება ვერ ხდება სკოლაში პირველკლასელთა რეესტრში. ლუკას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ბებიას ხშირად ხელი ეშლება მისი დოკუმენტაციის მოწესრგების საკითხში, ბებიას სურს გახდეს ბავშვის მეურვე და იზრუნოს მასზე. არასრულწლოვნებს მ.თ-ს ლ.თ-ს არ ჰყავთ მამა, მამის ვინაობა არაა დადგენილი, შესაბამისად მამის გრაფა დაბადების მოწმობაში არის ცარიელი. მათ არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ბებიას მმ.თ-ს ხშირად ხელი ეშლება მათი დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხში” , – განმარტავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
გარდა ამისა, ბავშვები ვერ იღებენ 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერად 200 ლარიან სოციალურ (სასკოლო) დახმარებას, რადგან მათ არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი.
საქმეს მოსამართლე ნინო გოგატიშვილი განიხილავს.