ავტორი: თემო კერესელიძე
საკუთარ თავთან მიცემული პირობა, რომ პოლიტკურ ბლოგებს აღარ დავწერდი, უნდა დავარღვიო…
ეს უნდა ვთქვა!..
ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, როგორ გადაიქცა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე სახალხო დღესასწაულად ვარიანში. აქ შიდა ქართლის სკოლები თავს სწორედ 27 ოქტომბერს იყრიდნენ და სხვადასხვა მუსიკალურ, საცეკვაო თუ შემეცნებით ნომრებს გვთავაზობდნენ. ყველა, დიდი და პატარა, მოსწავლე და მასწავლებელი, მშობელი და ბავშვი ზეიმობდა და აღნიშნავადა დიდი ქართველის დაბადების დღეს, ქმნიდა საოცარ გარემოსა და მუხტს, რომელიც ზრდიდა პატარა მოსწავლეების მოტივაციასა და ჩართულობას.
დღეს 27 ოქტომბერია, გოგებაშვილის დაბადების დღე, როგორ უბრალოდაც იცხოვრა, ასე “უბრალოდვე” გადაწყვიტა მოქცევა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც.
თუმცა ჰო, რა დამემართა, არ სცალია ადგილობრივ ხელისუფლებას – ახლა ისინი თბილისში თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბონ, რომ დრონით გადაღებულ კადრებში 25 თავით მეტი გამოჩნდეს.
ისტორიის დავიწყება ცუდი რამეა. გორის მერიის პრესსამსახურმა სამარცხვინოდ თქვა, რომ “ჩვენი თანამშრომლები შესაძლოა გვირგვინით ავიდნენ ვარიანში” – ვის რად უნდა თქვენი “შესაძლო” გვირგვინი?! ქვეყნის, საკუთარი ისტორიის სიყვარული ისწავლეთ და მორჩილებაში ყოფნას ამჯობინეთ, რომ ხმა აიმაღლოთ უსამართლობის წინააღმდეგ…
მერიამ თქვა, რომ იაკობობა უკვე მეორე წელია პანდემიის გამო არ აღინიშნება – არადა, თავად მრავალათასიან აქციაზე წავიდნენ. როგორც ჩანს, პანდემია არც მაშინ არსებობდა, როდესაც შიდა ქართლის სოფლებში მუნიციპალიტეტმა “ქართული ოცნების მომღერლებს” “ტურნეები” მოუწყო.
ასე მიეცა დავიწყებას სახალხო დღესასწაულად ქცეული “იაკობობა”
დღეს კი იმ აქციაზე მისულებს, თავმომწონედ მიმართავს სიტყვით თეა წულუკიანი – კულტურის მინისტრი, რომელიც განათლების მინისტრთან ერთად ახლა ვარიანში, ამ მუზეუმის კედლებში უნდა იდგეს და დიდი ქართველის ღვაწლზე საუბრობდეს.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არაფრის ღირსია ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მაჯისცემას ხელს გაუშვებს და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე გადავა!…