ავტორი: მარტა ბიბილაშვილი
რას მიპასუხებდით, თუ კი გკითხავდით: – ვინ არის ყველაზე დიდი ინვესტორი მუნიციპალიტეტისათვის? ამ კითხვაზე პასუხია, თავად მუნიციპალიტეტი, რადგან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინვესტორს რომელსაც ყოველ წელს საშუალოდ 40 000 000 ლარი შემოაქვს მუნიციპალიტეტში.
მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე მიაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია ააშენოს ფაბრიკა-ქარხნები და ასე შეუწყოს ხელი მოსახლეობის დასაქმებას. გადაწყვეტილების მიმღებებმა გამოსავალი ნახეს და ა(ა)იპ-ები შექმნეს, მუნიციპალური სერვისების გარკვეული ნაწილის გადაცემისათვის, რათა ამ ხერხით მოხდეს დასაქმების ხელშეწყობა. დასაქმების ხელშეწყობის მსგავსი მოდელი, რა თქმა უნდა, სოციალურ მიზანს ატარებს, თუმცა აღნიშნულმა მიდგომამ ზედმეტად ცუდი ფორმა მიიღო, რადგან გაწეული ხარჯი არანაირად არ არის მიღებული შედეგის საპირწონე.
და მაინც რაშია გამოსავალი?
წამყვანი ქვეყნები, ისეთი, როგორებიცაა გერმანია, იაპონია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და სხვები, წლების განმავლობაში ახდენენ მომსახურების შესყიდვას კერძო სექტორისაგან. მსგავსი მიდგომა ცნობილია ტერმინით „აუთსორსინგი“. აღნიშნულ ქვეყნებში ეკონომიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი მიდგომით შესაძლებელია რიგი მომსახურებების მიღება თითქმის 50%-ით იაფად და ხარისხიანად, რადგან კერძო სექტორის მოთამაშეებს შორის კონკურენციის ხარჯზე, ის თავისთავად იზრდება. აღნიშნულ ქვეყნებში მმართველობის სხვადასხვა რგოლი მსგავსი მეთოდოლოგიით ყიდულობენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა დასუფთავება, ტრანსპორტირება, ჯანდაცვა, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება, განათლება (არა საუნივერსიტეტო) და რეკრეაცია, საფინანსო-სააღრიცხვო, აუდიტორული, კომუნიკაციის (სატელეფონო, საფოსტო, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა), იურიდიული, ე.წ. „სინქ თენტები“, რიგი საინჟინრო და არქიტექტურული, მონაცემთა შეკრება-დამუშავების თუ ნებისმიერი რამ, რისი რესურსიც ადმინისტრაციაში არ აქვთ მაგრამ სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტებს აქვთ „აუთსორსინგის“ გამოცდილება, მათ შორის გორის მუნიციპლაიტეტსაც. რამოდენიმე წელია, რაც რიგ მომსახურებებს სწორედ კერძო სექტორისაგან ყიდულობს (მაგალითად დასუფთავების მომსახურება, რომლის შესყიდვა ადმინისტრაციული შენობისათვის კერძო კომპანიიდან მოხდა და სხვა) და თვითონ ასეთ შემთხვევებში იტოვებს საზედამხედველობო ფუნქციას.
ერთის მხრივ, არსებობს პრაქტიკა, ხოლო მეორე მხრივ, არის საჭიროება, რაც შეიძლება მალე და მეტი მომსახურება გადავიდეს კერძო სექტორის ხელში, რაც ადგილზე ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას და ადგილობრივი კვალიფიციური მოსახლეობის დასაქმებას.
როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი უმტკივნეულოდ?
პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და განხორციელდეს რამოდენიმე ეტაპად, წინასწარ შემუშავებული რამოდენიმე წელზე განაწილებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
- საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს კერძო სექტორისათვის გადასაცემი მომსახურებების ხარჯების გაანგარიშება და შედარება, რა უჯდება მუნიციპალიტეტს (თავად ან მისი ა(ა)იპ-ების გავლით) აღნიშნული მომსახურებების გაწევა და რა იქნება აღნიშნული მომსახურებების ღირებულება კერძო სექტორისათვის გადაცემის შემთხვევაში. შესწავლისას უნდა შეფასდეს აღნიშნული მომსახურების „ბაზრის“ მდგომარეობა, გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ინფორმირება.
- მეორე, მოხდეს ამ მომსახურების პოტენციური მომწოდებლების კვალიფიკაციის გაძლიერება (მენეჯმენტის, ბუღალტერიის წარმოების, მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა თუ კონკრეტული ამა თუ იმ მომსახურების გაწევის სპეციალისტის გადამზადება), არსებული საკანონმდებლო ბაზის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მხრიდან დამოუკიდებლად თუ ორგანიზაციების (საერთაშორისო თუ ადგილობრივი) დახმარებით.
- მესამე, დაიწყოდ მომსახურების შესყიდვა კერძო სექტორისაგან.
კერძო სექტორში გადასული მომსახურებების მიმწოდებლები შეძლებენ ერთდროულად მუნიციპალიტეტის და სხვა კერძო პირების თუ ბიზნესის წარმომადგენლებისათვის მათი სერვისის შეთავაზებით. ამ გზით შესაძლებელი იქნება მათთვის საკუთარი შემოსავალის რამოდენიმე წყაროს ქონა.
არის მომსახურების ისეთი სფეროები რომლებიც გავნითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებშიც კი არაა კერძო სექტორისათვის მომგებიანი და ადგილობრივ თვითმმართველობებს ასეთი მომსახურებებით მოსახლეობის უზრუნვეყოფა ყოველთვის ძვირი უჯდება.
პარალელურ რეჟიმში, დასაწყებია რიგი მომსახურებების ვაუჩერული დაფინანსების წესის ხელახლა შემოღება, ასეთი გამოცდილება უკვე აქვს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ამაზე არაერთ გზის უსაუბრია ფინანსისტ თამარ ედიშერაშვილს. მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის მომსახურებით მოსარგებლეთა ვაუჩერიზაცია. აქვე შეიძლება მოხდეს მიმართულებათა გაფართოება და მსგავსი პრაქტიკის გავრცელება სპორტული თუ საგანმანათლებლო წრეების მომასახურების მიმღებთათვის. ვაუჩერული დაფინანსება არ გამორიცხავს სერვისების შესყიდვას კერძო სექტორისაგან, უფრო მეტიც, მხოლოდ მსგავსი მიდგომითაა გონივრული მიზნობრივი ჯგუფებისათვის მომსახურების შეთავაზება, რომ მუნიციპალიტეტმა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური ეფექტი.
ვინმემ აუცილებლად უნდა დაიწყოს ამ საკითხზე სიღრმისეული მუშაობა ძლიერ ეკონომისტებთან ერთად. რატომ არ გვინდა ვიყოთ უფრო პროგრესულები?! უბრალოდ საჭოროა დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.