გორში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებთან ვაქცინაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის გორში ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
“საქართველოში COVID პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია”, – ისაუბრეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა
გორში შეხვედრას ლელა შენგელია – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ზაზა ბოხუა – საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (თსსუ), ნიკოლოზ კინტრაია – საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უძღვებოდნენ.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.
შედგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.