გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერას მიმდებარედ, ახალი დასახლება მოეწყობა, რომელიც თავშესაფრის გარეშე დარჩენილი დევნილი ოჯახებისთვის იქნება გათვალისწინებული. პროექტის მხარდამჭერი გერმანიის მთავრობაა, რომელიც დევნილებს ახლადგაშენებულ სოფელში 22 სახლს გადასცემს.
“გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი ქართულ სოფელს ავაშენებთ, გორის მუნიციპალიტეტშიც სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. დევნილებზე ზრუნვა, კვლავ რჩება ჩვენს ურყევ პრიორიტეტად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებამდე, სათანადო საცხოვრებელი პირობები, შევუქმნათ“, – აღნიშნა დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა.
ინფორმციისთვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.