ახალი ამბები

განათლების მინისტრმა გორში Horizon Europe – ის საგრანტო ოფისი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით ეს სივრცე ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

“დღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ – გავხსენით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი. მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს,”-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

” გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობაც ექნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს და სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიება ჩატარდება და სტუდენტურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს,”-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის წიგნის “სამაჩაბლოს ისტორია შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია“ (დიდი ლიახვის ხეობა) პრეზენტაცია, რომელიც რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.