სტატიები

რატომ (არ) არის ლადო ხინჩეგაშვილი თანამდებობისთვის შეუფერებელი – შეფასებები

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ლადო ხინჩეგაშვილის საჯარო გამოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. გორელების ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს სათანადო უნარები არ აღმოაჩნდა და თანამდებობისთვის შეუფერებელია. ხარვეზები საკუთარ გამოსვლაში თავად ლადო ხინჩეგაშვილმაც დაინახა და სოციალურ ქსელში განმარტებაც გააკეთა, თუმცა მისი ეს ტექსტიც მალევე გაქრა ოფიციალური გვერდიდან, ისევე როგორც პროგრამის პრეზენტაციის ვიდეო.  

“გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან პირველი საჯარო პრეზენტაცია იყო, ცოტა ვღელავდი, საჯარო გამოსვლები (ჯერჯერობით) ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ამ გამოწვევებს ცხადია არ ვუშინდები და ნამდვილად ვიცი, რომ შემდგომში უკეთესი იქნება”, – აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.

ხინჩეგაშვილს, კანდიდატურის მოხსნას ურჩევენ გახარიას გუნდში. საარჩევნო სიის მეორე ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა ფანიაშვილი თვლის, რომ ლადომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ის კანდიდატობას დათანხმდა.

“ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ყველაფერი. რა თქმა უნდა შინაარსობრივ მხარეზე აღარაფერს ვამბობ, საერთოდ ვერაფერი გავიგე. გულწრფელად შემეცოდა, როდესაც დავინახე, როგორ ღელავდა და ნერვიულობდა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც დათანხმდა კანდიდატობას. ჯერ კიდევ აქვს დრო რომ მოხსნას კანდიდატურა და დარჩეს ისევ ყველასთვის საყვარელ სპორტსმენად”, – აღნიშნა მამუკა ფანიაშვილმა.

ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიტიკაში შესვლას ლადო ხინჩეგაშვილს გულშემატკივრებიც არ ურჩევდნენ. “ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი გორში თვლის, რომ მმართველი გუნდის კანდიდატმა გორში მარცხი უკვე განიცადა.

“ლადო ხინჩეგაშვილს ურჩევდნენ გულშემატკივრები, არ შესულიყო იმ სფეროში,სადაც მინიმალური გამოცდილებაც არ ჰქონდა და დარჩენილიყო ხალხისთვის საყვარელ ჩემპიონად,მაგრამ სამწუხაროდ მან არ გაითვალისწინა ეს რჩევა და ისეთ სფეროს შეეჭიდა,სადაც მარცხი განიცადა გამოუცდელობის გამო. გუშინდელმა ჩავარდნილმა პრეზენტაციამ ეს ნათლად დაგვანახა“, – აცხადებს ანა ბალიაშვილი.

ლადო აღმოჩნდა გაუგებრობაში“ – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გამოსვლას “ლელოს“ სიის დამოუკიდებელი კანდიდატი თამარ ედიშერაშვილი. მისი აზრით, ხინჩეგაშვილი არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ჯერ ვერ გარკვეულა.

„ლადო ალბათ ვერ გრძნობს რამდენად მტკივნეული პერიოდია ქვეყნისთვის, თორემ ალბათ არ დაუკავშირებდა თავის კარიერას იმ პარტიას, რომლის გამარჯვება ამ ეტაპზე ქვეყნის დამარცხებას უდრის. ამის მიზეზი ლადოს გამოუცდელობა და არაპროფესიონალიზმია საჯარო სექტორში. ნებისმიერ პროფესიაში დაბალი პოზიციიდან იწყება და მიდიან მაღლა. პირველივე შეჯიბრზე მის მწვრთნელს ლადო მაღალი რანგის ჩემპიონატზე რომ გაეშვა, ვიღაც გამოცდილი მოჭიდავე უბრალოდ კისერს მოტეხავდა. ასეა ყველა სფეროში, პრაქტიკა თუ არ გაქვს, ადვილია ცხვირის წამტვრევა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ასეთი უპასუხისმგებლო პარტიებით და საკადრო პოლიტიკით ქვეყანა დაიცალა ენერგიისგან, რესურსებისგან და ახლა ახალი ექსპერიმენტის დრო არ არის,” – აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.

მმართველი გუნდის კანდიდატის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. დავით რაზმაძის განცხადებით, საარჩევნო პროგრამა თავად ლადო ხინჩეგაშვილის შედგენილია და თუ სტილისტური ხარვეზები გამოიკვეთა ამაში საგანგაშო არაფერია.

“მის მიერ გაჟღერებული საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ზოგადად მუნიციპალიტეტისთვის სოციალური სფერო და ახალგაზრდობასთან დაკავშირებული მიმართულებებია. ვფიქრობ, არაფერი არ მომხდარა ისეთი, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილი აალაპარაკა. ძალიან გადატვირთულია, ბევრი შეხვედრა აქვს და ვერ მოასწრო ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ თავისი დაწერილია ეს პროგრამა, მე მქონდა უშუალოდ მასთან კონსულტაციები. პროგრამაზე მუშაობისას მირეკავდა და კონკრეტულ თემებს გავდიოდით. არ შეიძლება, რომ ზოგჯერ საკუთარი დაწერილი ვერ წავიკითხოთ? “,-აცხადებს დავით რაზმაძე.

ოპოზიციის გარდა, საზოგადოების ნაწილში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლადო ხინჩეგაშვილი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას გარკვეული ზეწოლის შედეგად დათანხმდა. ვინ და რა პირობებით შესთავაზა მსოფლიო ჩემპიონატს მერობაზე კენჭისყრა ამ დრომდე უცნობია. წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მედიასთან პირისპირ საუბარზე მან უარი განაცხადა.

დატოვეთ კომენტარი