სტატიები

რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ გორის ა(ა)იპ-ებში არჩევნების შემდეგ?

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორში მერობის კანდიდატი 4-მა პარტიამ წარადგინა, გარდა ამისა, პროპორციული სიით და მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ჰყავს სხვა პარტიასებსაც – “გირჩი, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “ლელო საქართველოსთვის”. თვიტმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადეგლებს რადიო “მოზაიკა” ინდივიდუალურად შეხვდა და მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ყველა საარჩევნო სუბიექტი ერთხმად თანხმდება, რომ გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში ცვლილებები აუცილებელია.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რესურსის მაქსიმალურად ათვისება.

ლადო ხინჩეგაშვილი, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი

ცალსახაა, რომ აიპების საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. კარგი მენეჯერის მთავარი ამოცანა არსებული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაა. ამიტომ ვეცდები თითოეული ა(ა)იპ-ის საქმიანობაში მაქსიმალურად ჩავიხედო და თითოეული დასაქმებულის რესურსი ავითვისოთ.

მუნიციპალური სამსახურების ეფექტურობის გაზრდაა პარტიის “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის, კონსტანტინე ანანიაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება. პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი მისი პარტიის კანდიდატები არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს დაიკავებენ, აუცილებლად შეცვლიან ა(ა)იპ-ებში არსებულ რეალობას.

მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” სიის II ნომერი

დღესდღეობით, ა(ა)იპ-ები, რომ წარმოადგენს დასაქმების ობიექტებს და იქ დასაქმებულთა კვალიფიკაცია რომ არ შეესაბამება, ამ სამსახურების ფუნქციებს და მიზნებს ეს არის ცალსახა. პრობლემა არის ისიც, რომ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი იხარჯება ხელფასებში, ეს უკვე თავის მხრივ აჩენს იმის ეჭვს, რომ ეს სამსახურები შექმნილია მოქალაქეთა დასაქმებისთვის და არა კონკრეტული ფუნქციების შესასრულებლად. ვფიქრობთ, რომ ღონისძიებებსა და სხვადასხვა ქმედით საკითხებზე უფრო მეტი უნდა იხარჯებოდეს.

ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის პირველი ნომერი ბექა ქორჩილავაც. მისი თქმით, ენმ მზად არის მაქსიმალურად გამოიყენოს სხვა ორგანიზაციების ცოდნა და გამოცდილება, გაიაროს კონსულტაციები და შეიმუშაოს არსებული პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა.

ბექა ქორჩილავა, ენმ-ის სიის I ნომერი

სამწუხაროდ, მუნიციპალურ ა(ა)იპებ-ში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავისი სამსახურის დასახელებაც კი არ იციან და მხოლოდ თვეში ერთხელ, ხელფასის დროს ახსენდებათ ის. როცა საკრებულოზე ა(ა)იპ-ების ანგარიშებს ვისმენთ, პრაქტიკულად არის ხოლმე მხოლოდ მადლობების გადახდა, კრიტიკა და შენიშვნები არ ჩანს. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალო.

ცვლილებებს გვპირდება “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი ეთერ ჯალაღანიაც.  იგი ფიქრობს, რომ 11 ა(ა)იპ-ის არსებობა არ არის გამართლებული, რადგან მათი შექმნის საჭიროება სათანადოდ არ არის არგუმენტირებული.

ეთერ ჯალაღანია, “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი

ზოგიერთი სამსახური საერთოდ რას წარმოადგენს და რისთვის არის შექმნილი, ვერ ვიგებთ. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ დაასაქმონ თავისი პარტიის გამორჩეული წევრები, რომლებიც კარგად იღებენ მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესებში,

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პროპორციული სიის პირველი ნომერი პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ  ა(ა)იპ-ებისგან მიღებული სარგებული ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯების შესაბამისი არ არის.

პაპუნა კობერიძე, “ლელოს” სიის I ნომერი

თქვენი კვლევებიდან დავინახეთ, რომ ამხელა მილიონები იხარჯება ფაქტიურად არაფერში, ჰაერში მიდის ეს ფული. ა(ა)იპ-ების დაფინანსების 70%-ზე მეტი მიდის თანამშრომელთა ხელფასებში. ეს თანხა თავად უნდა შეაგროვოს მუნიციპალურმა ორგანიზაციამ იმ სერვისებიდან, რისთვისაც არიან შექმნილები. ზოგიერთი ა(ა)იპი საერთოდ რისთვისაა შექმნილი, კაცმა არ იცის, საერთოდ არაფრის მომცემია. ამიტომ აუცილებელია დღის წესრიგში დადგეს ამ ორგანიზაციების გადახედვა და საჭიროებების მიხედვით, დარჩეს მხოლოდ ის გაერთიანება,რომელიც რეალურად საჭირო და აუცილებელია მოსახლეობისთვის.

“ა(ა)იპ-ებში შტატების და ბიოროკრატიული ხარჯების შემცირება” , – პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლება” პროპორციული სიის პირველი ნომერი ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ ეს ის საკითხებია, რომელსაც საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში, დღის წესრიგში დააყენებს.

ლაშა ჯიოშვილი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” სიის I ნომერი

ვინ რაში იღებს ხელფასს? ვინ რისთვის დადის სამსახურში? – საერთოდ ქოსია. რეალურად ამ ა(ა)იპ-ებს მუნიციპალიტეტისთვის არაფერი არ მოუტანიათ, ხარჯის გარდა. შტატებია პირველ რიგში მაქსიმალურად შესამცირებელი. მე მხარს ვერ დავუჭერ პროფესიონალი კადრის სახლში გაშვებას, მაგრამ მომხრე ვარ, რომ პარტიული აქტივი, რომელიც ხელფასის გამოა დასაქმებული ამ ა(ა)იპ-ებში, მოსცილდეს იმ საქმეს, რომლის კომპეტენციაც არ გააჩნია

ინფორმაციისთვის, რადიო “მოზაიკა” ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” , რომლის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. პროექტის ფარგლებში, გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავდა სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციისთვის. დოკუმენტის მომზადებას წინ უძღვოდა პროექტის პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა და აჩვენა ის ხარვეზები, რომლებიც დღესდღეობით არსებობს აღნიშნულ სამსახურებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.