სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
,,სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა, ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. ზუსტად 28 წლის წინ, აფხაზეთის ომის შედეგად, ჩვენ მივიღეთ 300 000-მდე დევნილი, დაიღუპა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
,,დღეს 28 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან, სადაც ჩვენმა რაინდებმა, ჩვენმა გმირმა ბიჭებმა თავი შესწირეს სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლას. ჩვენ, ყოველ წელს, სიმბოლურად გამოვდივართ და ამ დღეს და მემორიალთან პატივს მივაგებთ დაღუპული ბიჭების ხსოვნას“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.