ბლოგები

კიბერუსაფრთხოება და ბავშვები

ავტორი: ირმა კურტანიძე, გორის IX საჯარო სკოლის მასწავლებელი

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტი, სოციალური ქსელები და ზოგადად, მედია არის ყველაზე ძლიერი კულტურული ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს. მას შემდეგ, რაც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა წინა პლანზე წამოიწია და ტექნიკურმა პროგრესმა პიკს მიაღწია, ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, არა მარტო ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც პრობლემას წარმოადგენს.

მართალია, ტექნოლოგიებს და ინტერნეტს დადებითი დატვირთვაც აქვს. მაგალითად, კომუნიკაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანთან, ან ადამიანთა ჯგუფთან, საქმიანი და მიზნობრივი ჯგუფებიდან ან გვერდებიდან სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება. მიუხედავად ამისა, ხშირად სოციალური ქსელი ხდება თავდასხმის და შეურაცხყოფის პლატფორმა და მეტწილად თავდამსხმელიც და მსხვერპლიც არიან სკოლის მოსწავლეები, თუმცა არც თუ ისე იშვიათად ჩაგვრის ელემენტები მასწავლებლების ჯგუფებშიც შეიმჩნევა.

არსებობს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის კვლევა, სადაც საუბარია ბავშვებზე ციფრული ტექნოლოგიების ზემოქმედების და საფრთხეების შესახებ. აღნიშნულ კვლევაში მთავრობების, ციფრული ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო სფეროების წარმომადგენლების მიმართ ბავშვებისთვის ციფრული თანასწორობისკენ და საფრთხეებისგან დაცვისკენ მკაფიო მოწოდება იკითხება. 

დღესდღეობით, უმნიშვნელოვანესია კანონის მიერ კიბერდანაშაულის მკაცრი რეგულირება  და სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გამახვილება კიბერუსაფრთხოების დაცვაზე. არსებობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, რომლის 27-ე მუხლში გაწერილია მოსწავლის მიმართ კიბერბულინგის ჩადენის რეგულაციები და ღონისძიებები. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ყველა მშობელი, გაწერილია მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენების შესახებ ინფორმაცია.

სკოლა ცდილობს დაიცვას მოსწავლეები მის ხელთ არსებული რესურსებით, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. გასულ სასწავლო წელს ითვინინგის ევროპული პროექტების ქსელის სკოლის ტიტული მოვიპოვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კიბერუსაფრთხოების დაცვა სკოლაში. ამისათვის გავეცანით მოთხოვნებს, შევქმენით ელექტრონული უსაფრთხოების დოკუმენტი, შევხვდით მასწავლებლებს, გავუზიარეთ დოკუმენტში გაწერილი თითოეული პუნქტი, მათ, თავის მხრივ, მიაწოდეს ინფორმაცია მშობლებს და მოსწავლეებს. მაღალი კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლი ინტერნეტში ქცევის წესების შესახებ, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე და მისი ნახვა შესაძლებელი იყო ფართო საზოგადოებისთვის.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო ონლაინ შეხვედრები მშობლებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, თუმცა, საწუხაროდ, ისევე როგორც კვლევებს, კანონებს და  ხელშეკრულებებს მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ეცნობა, ასევე მათი უმეტესობა დროის უქონლობის გამო ვერ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრებში, შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობა ძალიან დაბალია და ბავშვი რჩება დაუცველი.

ბევრს სჯერა ყალბი ამბების, რადგან ადამიანები არ ამოწმებენ ინფორმაციას და მის წყაროებს, შესაბამისად, გახშირდა დეზინფორმაციის გავრცელება. სახელმწოფომ სკოლებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მედიაწიგნიერების სწავლება უნდა დაისახოს მიზნად, ვინაიდან ყველაზე სანდო დაცვა მოსწავლეებში კრიტიკულად აზროვნების ჩამოყალიბებაა.

კიბერდანაშაულის და კიბერბულინგის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია პრევენციული ზომების მიღება, რაც დღესდღეობით სკოლების მთავარი გამოწვევაა. ვფიქრობ, აუცილებელია, სკოლებში კვალიფიციური ფსიქოლოგების შემოყვანა, რაც ნაწილობრივ მოხსნის პრობლემას, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან მთლიანად სკოლის საზოგადოების (მშობლების, კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, დირექცია) პასუხისმგებლობა გასათვალისწინებელია მოსწავლეებში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისას.

მშობლების და მასწავლებლების მაქსიმალური ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება  და ჩართულობა განსახილველ საკითხებში, მოსწავლეებთან დისკუსიების გამართვა, სხვადასხვა ორგანიზაციებთან შეხვედრების მოწყობა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწოდებული კვლევის შედეგების გაცნობა, მოსწავლეების ჩართვა სასკოლო წესების შემუშავებაში, ინდივიდუალური საუბრები მოსწავლეებთან, მოზარდების ცხოვრებაზე ფილმების ყურება და განხილვა, სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში მოსწავლეების ჩაბმა –  ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც შეიძლება სკოლის საზოგადოებამ განახორციელოს ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით.

გაითვალისწინეთ, რომ კიბერსაფრთხე ისეთივე რეალურია, როგორც ის რეალური ადამიანები, რომლებსაც ესაუბრებით ვირტუალურ სამყაროში.

გისურვებთ ჯანსაღ, პოზიტიურ და უსაფრთხო ურთიერთობებს.

დატოვეთ კომენტარი