ბლოგები

“ჩვენს პროფესიულ დღეს, ბევრს ვფიქრობ ხოლმე მასწავლებელზე”

ავტორი: ლიკა მელთაური

სკოლაში 1980-იანებში შევედი. დიდი ხნის წინ. სკოლის პირველი დღე სრულად მახსოვს თავისი სუნით და გულის გადმოგდებამდე ემოციით. მახსოვს რა მეცვა, მახოვს ატირებული კლასელები და პირველი მასწავლებლის ჩახუტებაც.

ჩემი პირველი რუსუდან მასწავლებელი – რუსუდან ქოჩლაძე. მას მერე, რომ გეკითხათ როგორი უნდა ყოფილიყო კარგი მასწავლებელი, სულ მას ვახსენებდი და ვახასიათებდი. როგორი იყო? ასე ზუსტად ვერ ვიტყვი – მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა რასაც მთავარ ღირებულებებად ვთვლი, პირველმა მან მასწავლა.

მერე იყო სხვა სკოლა და ბევრი კარგი მასწავლებელი. ბევრი ღირებული გაკვეთილი. ცუდი გაკვეთილები და მასწავლებლებიც მახსოვს ერთფეროვნებით და ბულინგით.

სკოლა ვერ დავამთავრე. ისევ იქ დავრჩი. 11 წელი ვისწავლე და დღეს 14 წელი შესრულდა, რაც იქ ვმუშაობ. უწყვეტია ჩემი კავშირი სკოლასთან. აბა, რანაირად დავამთავრებდი, 25 წელია, იქიდან ფეხი არ გამომიდგამს.

ჰოდა ახლა, ჩვენს პროფესიულ დღეს ბევრს ვფიქრობ ხოლმე მასწავლებელზე, როგორც განსაკუთრებული როლის ადაამიანზე. ყველა მათგანი მახსენდება, ვისაც რამე ღირებული უსწავლებია ჩემთვის. ცუდებსაც ვერ ვივიწყებ – მათ მასწავლეს როგორი არ უნდა ვიყო.

კიდევ იმაზე ვფიქრობ, რამდენი დარტყმა და ტალღა გადადის ამ ხალხზე. რამდენი გამოიარეს. პანდემიამ აჩვენა, რომ მასწავლებელი მუდამ მზად ყოფნაში უნდა იყოს გამოწვევებითვის და დაამტკიცეს კიდეც ეს. იშვიათად ვიცნობ  ისეთ პედაგოგს, ვისაც საკუთარი პროფესია არ უყვარს. მე ამის დასტურად ბნელი 90-იანების მაგალითი მომყავს ხოლმე. ამ პერიოდში ვსწავლობდი და რა ვიცი, გაცდენილი გაკვეთილები არ მახსოვს, ჩვენს „შატალოებს“ თუ არ ჩავთვლით. როგორ შეიძლება, უტრანსპორტობაში, სიცივეში იარო და იმუშაო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. გმირობის ტოლფასია ეს ამბავი. მე ამას დღეს ვერ გავაკეთებდი.

ვინ არიან მაგარი მასწავლებლები? აი, ისინი ამ წლებს რომ გაუძლეს, დღესაც მუშაობენ და მუდმივ განვითარებაზე ზრუნავენ. წინსვლა არ შეუწყვეტიათ და მიუხედავად, მრავალი იმედგაცრუებისა, ენთუზიაზმი არ დაუკარგავთ.

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, სათითაოდ მოვიკითხავდი ამ ხალხს და ყველას წლის კი არა, საუკუნის  მასწავლებლის წოდებას მივანიჭებდი.

და ისევ რუსუდან მასწავლებელი –  არ ვიცი როგორ არის. ვიცი მხოლოდ ის, რომ დიდი ხანია პენსიაზეა. არასდროს მომიკითხავს, სამწუხაროდ. ახლა მინდა, სიყვარულით მოვიკითხო, მივულოცო ეს დღე და  ვუთხრა მადლობა ყველაფრისთვის.

დატოვეთ კომენტარი