საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გორისა და ატენის მიტროპოლიტ, ანდრია გვაზავაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ოქრუაშვილი პოსტს თან ურთავს სავარაუდოდ სუს-იდან გამოტანილი სკანდალური ჩანაწერებიდან ნაწყვეტს, რომელშიც ნახსენები არიან, ოქრუაშვილი და გიგი უგულავა.
ჩანაწერის მიხედვით, რომელიც 2020 წლის 16 მაისით თარიღდება, მეუფე ანდრიამ უარყოფითად შეაფასა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლების ფაქტი.
“მინდა რაღაც ვთქვა ამ ყველაფერზე, მასზე (მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე), ფარისევლობაზე და სიყალბეზე, მაგრამ რაღაც შინაგანი მიჭერს და მბორკავს. არადა ჩემი შემაკავებელი, რომ რაც მინდა ვთქვა, არაფერი არსებობდა აქამდე. სჯობს არაფერი ვთქვა და უბრალოდ ველოდო ასევე შინაგან ხმას, რომელიც ოდესმე ეკლესიისკენ (და არა ღმერთისა და რწმენისკენ) მომაბრუნებს. თუმცა ნაწილობრივ უკვე ვთქვი რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის”, – წერს ოქრუაშვილი.
[16.05.20, 16:41:40] Akaki Nemsadze: გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, ძმასთან გია გვაზავასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის და პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი. მიტროპოლიტის თქმით, ზემოხსენებული პიროვნებების პატიმრობიდან გათავისუფლება უარყოფითად აისახება მოქმედი ხელისუფლების იმიჯზე და მნიშვნელოვნად შეილახება პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ავტორიტეტი, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად იმოქმედებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე.