“სააგენტომ შესაძლოა გონივრულად შეამციროს შტატიან და შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასების ხარჯი, კერძოდ, ბიუჯეტის 84%-დან 90%-მდე ხმარდება ხელფასებს” , – აღნიშნული რეკომენდაცია გორის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შემოწმების შემდეგ გასცა.
“სააგენტოს მხრიდან გადაიხედოს საშტატო ნუსხა, გაიწეროს თითოეული პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობები. შტატების ოპტიმიზაციით და ეკონომიით მიღებული თანხები მოხმარდეს იმ სამუშაოებს, სადაც გამოვლენილია გარკვეული სახის პრობლემები” , – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში აუდირების პერიოდში, 2019-2020 წლებში, სულ ხელფასებზე გაცემულია 473 653 ლარი, 2019 წელს ხარჯვების დაახლოებით 84%, ხოლო 2020 წელს ხარჯების დაახლოებით 90%.
აუდიტი ასევე მიუთითებს კადრების დუბლირებასა და ფუნქცია-მოვალეობების არაეფექტურად განაწილებაზე.
“არის შემთხვევები, როდესაც ფუნქციები იდენტურია და მსგავსი სამუშაო გაწერილობებითაა. ზოგიერთი თანამშრომელი დატვირთულია უმნიშვნელო ფუნქციით” , – მიუთითებს აუდიტი.
აუდიტის დასკვნა 26 გვერდისგან და 15 სხვადასხვა რეკომენდაციისგან შედგება.